სასწრაფოდ : პროკურატურა ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე, გამოძიების შუალედურ შედეგებსა და მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.
ვიდეომასალაში, რომელსაც პროკურატურა გამოძიების ფარგლებში აქვეყნებს, საუბარი ბრალდებულ გიორგი მამალაძესა და აღნიშნული საქმის მთავარ მოწმე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს შორის მიმდინარეობს.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას სთხოვდა, რის სანაცვლოდაც, მზად იყო, ფულადი თანხა გადაეხადა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის ასევე, მომავალში არამართლზომიერ სარგებელს ჰპირდებოდა.
ბრალდებული გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, შორენა თეთრუაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რის გამოც, იგი ცდილობდა, შხამიანი ნივთიერება სასწრაფო წესით, გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა.
„ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფაქტის სირთულის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შემუშავდა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა გეგმა, რომლის განხორციელება დაიწყო დაუყოვნებლივ.
ვინაიდან, ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განმცხადებლისა და ბრალდებულის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანს წარმოადგენდა გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს წინა თვეებშიც ჰქონდა მცდელობა მომწამლავი ნივთიერება კალიუმის ციანიდი შეეძინა სხვა პიროვნებისგანაც, რომელსაც შხამიანი ნივთიერების უცხოეთიდან ჩამოტანას სთხოვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
info9.ge