სასულიერო პირებმა ზაჰესში როკ/მეტალ ფესტივალზე კონცერტი შეაჩერეს

ზაჰესში საერთაშორისო ფესტივალის „Tbilisi JAM! Fest 2016-ის” ფარგლებში მიმდინარე როკ/მეტალ კონცერტი სასულიერო პირებმა შეაჩერეს.

„მამაოები მოდიან მრევლთან ერთად, აპროტესტებენ როკ-მუსიკას…”, – წერენ Facebook-ის მომხმარებლები.

„ლიბერალი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ესაუბრა. სამინისტროში აღნიშნულ ადგილზე სასულიერო პირის ყოფნას ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კონფლიქტი არ ყოფილა: „ამ დროისთვის სიმშვიდეა. პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფება. მამაო იყო და თავისი პოზიცია გამოხატა, მაგრამ შელაპარაკება და კონფლიქტი არ ყოფილა”.

ცვატა ბერძენიშვილმა, რომელიც კონცერტზე იმყოფებოდა, „ლიბერალს” უთხრა, რომ, როგორც მათ მთავარმა ორგანიზატორმა აცნობა, კონცერტი გაუქმდა და ეცდებიან, ხვალ ალტერნატიული ფართი მოძებნონ.

კონცერტზე განვითარებული მოვლენების შესახებ „ლიბერალი” დამოუკიდებელ ჟურნალისტს, ედიტა ბადასიანს ესაუბრა, რომელიც კონცერტზე იმყოფებოდა.

„ჯერ გამოჩნდა ქალი მონაზონი, რომელიც პირდაპირ ორგანიზატორთან წავიდა და მიმართა, რომ ხო იცით, აქ ახლოს არის სასაფლაო და სასაფლაოსთან ახლოს კონცერტის ჩატარება არ შეიძლებაო. ორგანიზატორებთან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა და იმეორებდა, რომ ასეთი რამ არ შეიძლება”, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

ედიტა ბადასიანი მღვდლის დისკრიმინაციული მიმართვისა და პოლიციელის დამოკიდებულების შესახებას ჰყვება.

„შემდეგ კი მღვდელი, როდესაც ორგანიზატორებს ესაუბრებოდა, მიხვდა რომ სურათებს ვიღებდი. თვითონ ამოიღო თავისი „სმარტფონი” და თქვა, რომ ახლა „ამ პიდარასტების“ სურათს მეც გადავიღებო. როდესაც მღვდელს უპასუხეს, რომ როკფესტივალის ორგანიზატორებს, ასეთი ტერმინოლოგიით რატომ მიმართავდა, პოლიციელები ჩაერივნენ: „ნუ კამათობთ მამაოსთან” – მაშინვე დაიცვეს ის. გამოდის, რომ მღვდელი, როცა შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლაპარაკობს ეს შეიძლება”, – ამბობს ჟურნალისტი.

წყარო: liberali.ge

Comments
Loading...