საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების რაოდენობა 1 607 744 ადამიანს შეადგენს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 3 729,5 ათას ადამიანს. აღნიშნული სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობამ 2002 წელთან შედარებით 14,7 %-ით იკლო.

საქართველოს მოსახლეობის კლებასთან დაკავშირებით საინტერესოა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან IDFI-ისთვის მოწოდებული არაოფიციალური სტატისტიკა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების შესახებ. სამწუხაროდ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც მათ მიერ იქნა განმარტებული, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან, საკმაოდ დიდია სხვადასხვა ქვეყნებში მათი გადაადგილების ინტენსივობა.

რაც შეეხება არაოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ირკვევა, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1 607 744 ადამიანს. აქედან ყველაზე მეტი თანამემამულე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც თანამემამულეების რიცხვი 250 ათას ადამიანს შეადგენს, თუმცა აქედან 100 000-მდე ეთნიკური ბერძენია. მას მოსდევს უკრაინა (150 ათასი). თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი) და ა.შ.

მოწოდებული 43 ქვეყნის მონაცემებიდან დიასპორის სიმცირით გამოირჩევიან ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300).

ლატვიაში, ესტონეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და ტაჯიკეთში ქართული დიასპორა შეადგეს დაახლოებით 500 ადამიანს თითოეულ ქვეყანაში.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ასევე აღნიშნულია ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა რიცხვი თურქეთსა და ირანში. თურქეთში მათი რაოდენობა მილიონზე მეტია, ხოლო ირანში 35 ათასს აღწევს.

diasporaaaa

Comments
Loading...