საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი საეთერო ბადე 17 ივლისამდე უცვლელი დარჩება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა ამ დროისთვის შეჩერებულია.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოქმედი საეთერო ბადე 17 ივლისამდე უცვლელად დარჩება, რის შემდეგაც, გადაცემების შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდება.
„ხვალ დამტკიცდება ის გეგმა, რომელზეც შეთანხმებას მივაღწიეთ. რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადაცემები შემოვა კონკურსით, იმ მიმართულებების მიხედვით, რომელსაც კანონი და ე.წ. ბორდის მიერ დამტკიცებული პრიორიტეტები ითვალისწინებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეული წევრები კი აცხადებენ, რომ კონკრეტული ტელეკომპანიების ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასება ცალ-ცალკე არ უნდა მოხდეს.
„მეორე არხის“ გენერალური პროდიუსერის დოდო შონავას თქმით, ე.წ. რეფორმის გადავადება გარანტიას არ აძლევს, რომ 17 ივლისის შემდეგ, ერთი თვის წინ წარდგენილი გეგმა არ განხორციელდება.