სერგეენკო: ინფორმაცია, რომელიც „ფრესკოს“ შესახებ გავრცელდა, შრომის ინსპექციის არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, შრომის ინსპექცია სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში“ მივიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში „ფრესკოს“ შესახებ გავრცელდა, ადგილზე არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, თუ რას აკეთებს და რა მოქმედების არეალი აქვს შრომის ინსპექციას. ეს არ არის, დავუშვათ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის რეაგირების სამსახური, რომ ისე იარონ, როგორც სასწრაფოს მანქანებმა. მაგალითად, გუშინ დავინტერესდით, რა ხდებოდა „ფრესკოში“ და ვნახეთ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, როდესაც საქმე შრომითი კოლექტივის დავას ეხება, ასეთ დროს, ადამიანებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში კი არ უნდა გაავრცელონ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს მიმართონ.

„იმისთვის, რომ შრომის ინსპექციამ თავისი მანდატი აამუშავოს, რაც ორი მიმართულებითაა – ერთი ტრეფიკინგი და მისგან მოქალაქეების დაცვა, ხოლო მეორე – შრომის სამსახურის სისტემური ხარვეზების მონიტორინგი, ყველაფერს აქვს თავისი დადგენილების წესი და ამ წესის მიხედვით, თუ ეს შრომითი კოლექტივების დავაა, მექნებოდა სათხოვარი, რომ ამ დროს, ჯანდაცვის სამინისტორს მიმართონ და ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით არ გაავრცელონ. ინდივიდუალური დავის შემთხვევაში, უნდა მიმართონ სასამართლოს, ხოლო კოლექტიური დავების დროს ჯანდაცვის სამინისტროს. „ბიბლუსის“ შემთხვევა არ არის კოლექტიური დავის შემთხვევა. ამიტომ, უნდა მიმართონ სასამართლოს“, – განმარტა დავით სერგეენკომ.

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ თანამშრომლებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში 12-საათიანი სამუშაო გრაფიკზე, სამუშაო პროცესში არსებული აკრძელვებზე, ანაზღაურების ხელოვნური დანაკლისებით გაცემისა და სხვა მძიმე შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევებზეა საუბარი.

Comments
Loading...