სერგი კაპანაძე: გიგის გათავისუფლებას სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოჰყვება

გიგის გათავისუფლებას სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვება მოჰყვება, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სერგი კაპანაძემ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კაპანაძე იმედოვნებს, რომ უგულავა საპატიმროს დღესვე დატოვებს.

“ის, რომ გიგი უგულავა გათავისუფლდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი ივანიშვილის პირადი პატიმარი გამოვა დღეს გარეთ, ეს ნიშნავს, რომ აზრი აქვს ყოველთვის მუშაობას მიუხედავად იმისა როგორი სიტუაციაა შექმნილი, მიუხედავად იმისა, რა კონტროლი აქვს ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება სხვა პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაც”, – განაცხადა კაპანაძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე უგულავას პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განუსაზღვრა, პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდა. ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლდეს.

თბილისის ყოფილი მერის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღესვე უნდა დატოვოს, რადგან „პატიმრობის კოდექსში“ არსებული ჩანაწერით, თუ სასჯელის მოხდის ვადის წინა დღე უქმე დღეა, პირის გათავისუფლება უფრო ადრე, სამუშაო დღეს უნდა მოხდეს.

 

sazogadoeba.ge

Comments
Loading...