მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ფუნქციები უნდა შეინარჩუნოს ყოველგვარი კონტრასიგნაციის და დამატებითი ბერკეტის გარეშე მთავრობის მხრიდან, – ამის შესახებ სერგი კაპანაძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის ფუნქციის ჩადება არ არის გამართლებული და პრეზიდენტმა ეს ფუნქცია უნდა შეინარჩუნოს ყოველგვარი კონტრასიგნაციის და ბერკეტის გარეშე მთავრობის მხრიდან. თუმცა, ამ სხდომებზე ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა ეს ვარიანტი, რომ მათ შესაძლოა, სურდეთ, თუ პრეზიდენტი რამეს არ დაეთანხმება ან გადაწყვეტს ერთი მიმართულებით, მთავრობის თანხმობის გარეშე ეს გადაწყვეტილება ვერ ამოქმედდება, ამაზე საუბარი იყო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
გუშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს შესაძლოა ვეტოს, შეწყალების და სხვა საკითხებზე, მთავრობის კონტრასიგნაცია დასჭირდეს.