შალვა რამიშვილი “მე თათია სამსახურიდან არ გამიშვია. ის თვითონ წავიდა სამსახურიდან.”

ტელეკომპანია “იმედის” მიერ შალვა რამიშვილთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის გარშემო ჭორ-მართალი არ წყდება. ცნობილი გახდა, რომ რამიშვილის “იმედიდან” გამოშვების მიზეზი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვაა, რომელთანაც ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ პირად საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა.

შალვა რამიშვილის შპს-მ, რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში”, სერიალ “2 გოგოს”, რომელიც ჯერ არ გასულა ეთერში და ასევე უზრუნველყოფს რამიშვილის მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში”, “იმედისაგან” მიიღო წერილი, რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია.

გავრცელებული ინფორმაცით, შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძესთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება სცადა. სამხარაძემ ფარული ჩანაწერი გააკეთა, რის შესახებაც ინფორმაცია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამდე მივიდა. ამბობენ, რამიშვილთან თანამშრომლობის გაწყვეტა ამის შემდეგ გადაწყდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანამ “იმედი” შალვა რამიშვილთან კონტრაქტს გააუქმებდა, ორი დღით ადრე თავად რამიშვილმა სამსახურიდან გაუშვა თათია სამხარაძე. თუმცა, რა გახდა მათი თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი და რა ფარულ ჩანაწერს ფლობს, ამაზე თათია სამხარაძე კომენტარს არ აკეთებს. “ambebi.ge” შალვა რამიშვილს დაუკავშირდა:

– ბატონო შალვა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსებობს ფარული ჩანაწერი, რაც გახდა თქვენი და “იმედის” კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი…
– ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძეს აქვს კომპრომატი ან სისხლის სამართლის დანაშაულის დამამტკიცებელი ჩანაწერი, ამიტომ მე უკვე მივმართე პროკურატურას და გავაკეთე საჯარო განცხადება. მე კანონმოშიში ადამიანი ვარ, მინდა გავიგო სიმართლე, ამიტომ მივმართე პროკურატურას.

– ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ სცადეთ სექსუალური ურთიერთობის დამყარება თათიასთან, რომელმაც ეს გადაიღო და სწორედ ეს გახდა თქვენთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი…
– არ ვიცი, ამას დავადგენ. თუ არსებობს რაიმე ჩანაწერი, სადაც რაიმეში ვარ მხილებული, ვინც ეს მოისმინა, ვალდებულია განაცხადოს პროკურატურაში. ამის საჯაროდ გავრცელება არავის არ შეუძლია. თუ ის ჩემი რეპუტაციის შემლახველია, აუცილებლად ვიჩივლებ. პროკურატურა დაადგენს ჭეშმარიტებას. მე ვმუშაობ მედიაში, ვიღებ სხვადასხვა სახის ხუმრობებს და
სკეტჩებს. თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე ამ ფიგურად, რაც არის. ჩემს ახლობლებში შეიძლება რაღაცას ვლაყბობ, მაგრამ თუ იძულებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია. რა ჩანაწერზეა საუბარი, რაც არ ვიცი, ის როგორ ვამტკიცო?

– რატომ გაუშვით ორი დღით ადრე თათია სამხარაძე სამსახურიდან?
– მე თათია სამსახურიდან არ გამიშვია. ის თვითონ წავიდა სამსახურიდან. გარკვეული დაგვიანებების გამო ერთი პროექტიდან დროებით მოვხსენი და თავად განაცხადა, მივდივარო.

“ambebi.ge” თათია სამხარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და სამართალდამცავი სტრუქტურებიდან უწყებას დაელოდება.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

Comments
Loading...