შალვა შავგულიძე – გიგი უგულავას დღესაც უკანონო პატიმრად მივიჩნევ!

საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე „აიპრესთან” ბიძინა ივანიშვილს კორექტულობისკენ მოუწოდებს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მას თბილისის ყოფილი მერი უკანონო პატიმრად მიაჩნია.

„პირველ რიგში, ივანიშვილს მოვუწოდებდი მეტი კორექტულობისკენ. ვინიდან, ის ჩემ მიერ გამოთქმული პოზიცია არის ჩემი პოზიცია და ჩემეული შეფასება კონკრეტულად გიგი უგულავას იმდროინდელი პატიმრობისა. თუ ამას არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილი, ეს მას არ აძლევს უფლებას, თქვას, რომ სირცხვილია მისგან განსხვავებული შეფასება.

რაც შეეხება არსებითად, მე ვადასტურებ იგივე პოზიციას და ნამდვილად მიმაჩნია, რომ გიგი უგულავას იმ პერიოდში პატიმრობა იყო მოტივირებული მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით და საფუძვლით. და რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს.

პირველ რიგში ის, რომ გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვიანი კონსტიტუციით დაშვებული ვადის გადამეტებით განაჩენის გარეშე. ის, რომ ეს იყო დაუშვებელი, ეს იყო უკანონო და კონსტიტუციის საწინააღმდეგო საბოლოოდ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ანუ, ის იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, მაგრამ ამას ყველაფერს პოლიტიკური ელფერი შესძინა თავად „ქართულმა ოცნებამ”, ვინაიდან, იმ პერიოდში „ქართული ოცნების” ლიდერები ინტენსიურად აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს, რომ ეს ყველაფერი არის სწორი, ეს ყველაფერი არის კანონიერი. აბა რა ჰგონია გიგი უგულავას ამდენი ხანი, რომ სჩადიოდა სხვადასხვა დანაშაულსო და ა.შ.

თავად „ქართულმა ოცნებამ” მოახდინა ისეთი პოლიტიზირება ამ უკანონო პატიმრობის, რომ, რა თქმა უნდა, უკვე აღარავის აინტერესებდა რეალურად უგულავას დაუდასტურდებოდა, თუ არა ბრალდება. ის უკვე იქცა პოლიტპატიმრად.

„ქართული ოცნება”, მე მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მასზე უფრო კარგი მოკავშირე რეაბილიტირების დარგში „ნაციონალურ მოძრაობას” არ ჰყავს. „ქართულ ოცნებას” უნდა ეცადა, რომ პოლიტიზირება არ მომხდარიყო ამ საქმის სამართალწარმოების. რა თქმა უნდა, ამის მცდელობა ექნებოდა გიგი უგულავასაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც”. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ” გადააჭარბა „ნაციონალურ მოძრაობას” და თავად გიგი უგულავას. მათ აღარ სჭირდებოდათ ამ თემის პოლიტიზირება.

პროკურატურა იქცეოდა სრულიად მიუღებლად, ხელოვნურად აჭიანურებდა საქმის განხილვებს, ცდილობდა რაღაცნაირად ისე მომხდარიყო, რომ ახალ განაჩენს ისე მოესწრო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ვინაიდან იცოდნენ, რომ უკანონო პატიმრობაში ყავდათ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საჭირო გახდებოდა მისი დროებით მაინც გათავისუფლება. სამართალდამცველი ორგანოების და სასამართლოს ყველამ ამ უკანონო საქციელს თავისი პოლიტიკური მხარდაჭერით „ქართული ოცნების” ლიდერები ამართლებდა. მათ თავად შეიტანეს პოლიტიკური მდგენები სამართალწარმოების საქმეში და მათ აქციეს გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად.

ასე, რომ თუკი ვინმეზე წყენა უნდა ჰქონდეს გულში ბატონ ბიძინას, უნდა ჰქონდეს მისივე პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელმაც სიბეცე გამოიჩინა ამ საკითხის მიმართ და იმ პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რომელმაც 9 თვიან კანონით დაშვებულ ვადაში ვერ შეძლო განაჩენის დადგენა გიგი უგულავას მიმართ.

მე არ ვამბობ, ეს განაჩენი უნდა ყოფილიყო ან გამამტყუნებელი, ან გამამართლებელი ამ სფეროში არ შევდივარ და არ შევაფასებ. მე ვამბობ ერთს, რომ შევაჯამო, გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფებოდა კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრული განაჩენის გარეშე 9 თვიანი ვადის გადამეტებით. ეს იყო უკანონო პატიმრობა. და ამ უკანონო პატიმრობას თავისი საჯარო გამოსვლებით, გამონათქვამებით ასე ვთქვათ, ამართლებდნენ „ქართული ოცნების” ლიდერები. მათ შეიტანეს პოლიტიკური ნიშანი სწორედ ამ ვითარებაში და გადააქციეს თავიანთი ბეცი საქციელით გიგი უგულავას იმ დროინდელი პატიმრობა, უკანონო პატიმრობად.

ეს ვთქვი მე და იმავეს ვადასტურებ ახლაც”, – განაცხადა „აიპრესთან” შავგულიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე , რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “შავგულიძემ იკადრა და პოლიტპატიმრად დაასახელა გიგი უგულავა, რომელიც არის ძირითადი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილიც პატიმარი რომ ყოფილიყო მასაც პოლიტპატიმრად დაასახელებდა”

Comments
Loading...