შავგულიძე: მურუსიძის დანიშვნით, „ქართული ოცნება“ იზიარებს პასუხისმგებლობას სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ არჩევა მთლიანად ქართული სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაა.
მისივე განცხადებით, ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იზიარებს პასუხისმგებლობას სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე.
„ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ გამწესება, რასაც აშკარად ლობირებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს არის: უპირველეს ყოვლისა ღიად გამოხატული უპატივცემულობა ევროპის სასამართლოს მიმართ, რომელმაც უაღრესად ნეგატიურად შეაფასა მოსამართლე მურუსიძის მიერ გირგვლიანის და მოლაშვილის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ჩვენ კი ეს ადამიანი ისევ მოსამართლედ გავამწესეთ, თან უვადოდ გამწესების პერსპექტივით;
ეს არის დისკრედიტაცია მთლიანად ქართული სასამართლო სისტემის;
ამასთან, ეს არის უპატივცემულობა და უფრო მეტიც, ცინიკური დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც იმთავითვე და მყისიერად გამოხატა მკაცრი მიუღებლობა როგორც სანდრო გირგვლიანის საზარელი მკვლელობის ფაქტის, ისე მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ხელს აფარებდა დამნაშავეებს.
ლევან მურუსიძის კვლავ მოსამართლედ დანიშვნით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იზიარებს პასუხისმგებლობას სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე.
ისმის კითხვა – რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“?
პასუხი ერთია – იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ სურს ლევან მურუსიძის მსგავსი დისკრედიტირებული მოსამართლეების ხელით, რომელთა პროფესიული კარიერა სრულად იქნება დამოკიდებული მმართველი პოლიტიკური ძალის კეთილგანწყობაზე მათ მიმართ, გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება.
სამართლისა და მართლმსაჯულების მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ უდიდესწილად განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მარცხი. იგივე ელის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც, რომელიც ანალოგიურად ცდილობს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს სასამართლო სისტემა, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში ჩააყენოს მართლმსაჯულება, ანუ – სამართალს ართმევს ხალხს.
ქართული საზოგადოება ამას რა თქმა უნდა არ შეეგუება, არ დაუშვებს და შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოების ნებაზე და სამართალზე მოძალადე და უსამართლო ხელისუფლებას“, – აცხადებს შალვა შავგულიძე.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ დღეს აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, მას ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა კანდიდატმა მისცა.