შეიძლება ვიღაცამ ჩაუდო, ან ცრუ ჩვენება მიაცემინა – სოხაძე გიორგი მამალაძეზე
მომღერალი ირმა სოხაძე აცხადებს, რომ პატრიარქს ბევრი მტერი ყავს. სოხაძე თვლის, რომ კრიზისი ყველა უწყებაშია, თუმცა საპატრიარქოს განსაკუთრებით უჭირს, რადგან იქ ვიღაც ცდილობს, ციანიდით მოწამლოს პატრიარქი.
მომრერალი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთდა, აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა.
“მართლაც ბევრი მტერი ყავს პატრიარქს, ამ არაჩვეულებრივ ადამიანს. თუმცა, ჯერ არაფერი არ არის დამტკიცებული. უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმცია. შეიძლება ვიღაცამ ჩაუდო, ან ცრუ ჩვენება მიაცემინა. მთლად სწორი ისიც არ მგონია, რომ ამ ადამიანის სახელს და გვარს ასე ვახსენებთ. ოჯახი ყავს, ახლობლები. იქნებ არაფერში დამნაშავე არ არის”, – განაცხადა სოხაძემ ტელეკომპანია “იბერიას” თოქშოუ “პრიორიტეტში”.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.