შოთაძის ინფორმაციით, საგარეჯოს არჩევნების საქმეზე თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, აღარ იყო არანაირი არგუმენტები იმისათვის, რომ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელებულიყო.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიების პროცესში თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი არ დაკითხულა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა.

„ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება რაც საჭირო იყო საქმეზე სრულყოფილი გამოძების ჩასატარებლად. ყველა მოწმე, ვისი დაკითხვის აუცილებლობაც არსებობდა, დაიკითხა და შესაბამისად, ვინაიდან, არ გამოვლინდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ამ საქმეზე შეწყდა გამოძიება. თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ არსებობდა“, – განაცხადა შოთაძემ.

მთავარმა პროკურატურამ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც, საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გოგი თოფაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც საგარეჯოში შუალედური საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებას ეხებოდა.

Comments
Loading...