შფოთავს, შფოთავს იან კელი – ბიძინა ივანიშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ისაუბრა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

ივანიშვილის თქმით, აშშ-ის ელჩთან შეხვედრა გუშინაც ჰქონდა, მის პოზიციასთან თანხვედრაშია, თუმცა რაღაცებში არ ეთანხმება.

„ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ახლა „რუსთავი 2“-ში მენეჯმენტის შეცვლა, არასასურველია. მინდა, იან კელის წერილსაც გამოვეხმაურო, გუშინაც მქონდა მასთან შეხვედრა, უფრო ადრეც მქონია ამ თემებზე საუბარი, მაშინაც და დღესაც თანხვედრაში ვარ მის პოზიციასთან.

არჩევნებამდე დარჩენილია 3-4 თვე და მენეჯმენტის შეცვლა არ არის სასურველი, ამას პირველ რიგში, ევროპასა და ამერიკაში სწორად ვერ გაიგებენ, ამაში ვეთანხმები.

იან კელი წერილს იწყებს გვარამიას კრიტიკით, მაგრამ ასე არ უნდა იქცეოდეს, ამის შემდეგ ახსენებს საკუთარ ქვეყანას – რომ ეს ყველაფერი რომ იქ მოხდეს არჩევნებამდე, ქუჩები ხალხით გაივსება, ელჩი არ თვალთმაქცობს, გულწრფელია. ის არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ეს კაცი აფასებს საკუთარი გადმოსახედიდან.

გუშინაც მქონდა პოლემიკა და რაღაცებში არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, შფოთავს, შფოთავს იან კელი, რამე ისეთი არ მოხდეს, რაც ცუდ ეფექტს მისცემს ამ არჩევნებს, მაგრამ რაშიც ვერ შევთანხმდით, ეს არის ის, რომ საქართველოში ქუჩები ხალხით არ გაივსება, რადგან სხვა რეალობაა, სხვა წარმოდგენა აქვთ ამ ტელევიზიაზე მოსახლეობას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Comments
Loading...