შს მინისტრის თქმით, 40 პირიდან ადმინისტრაციული წესით, 7 პირია დაკავებული, დანარჩენები ხელწერილით გათავისუფლდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული 40 პირიდან ადმინისტრაციული წესით 7 პირია დაკავებული, დანარჩენები კი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მომიტინგეებმა შტურმი არ შეწყვიტეს და სწორედ ამის შემდეგ გახდა აუცილებელი სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედება.

„თქვენ იცით, რომ მომიტინგეებს პრემიერ-მინისტრმაც მიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენც მივმართეთ, რომ დაშლილიყვნენ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური შეღავათები გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოვლენები ასე არ განვითარებულიყო. დამიკავშირდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და მთხოვა დაკავებული პირების გათავისუფლება და მე ეს თხოვნა შევასრულე.

მიუხედავად ამისა, მომიტინგეები არ წყვეტდნენ შტურმს პოლიციის შენობაზე და ჩვენ დილის 5 საათისკენ იძულებული გავხდით, გადავსულიყავით ღონისძიებაზე“, – განაცხადა შს მინისტრმა.

Comments
Loading...