სიყვარულის კოშკი და აკრძალული სიყვარულის ისტორია

ამ აკრძალული სიყვარულის ისტორია, რომელზეც ეს „კოშკი მოგვითხრობს“ სვანეთში ყველამ იცის. ხოლო, როდესაც სვანეთში ყოფნისას მეგზურობას ამ მთების შვილი გიწევს, გზადაგზა სხვა უამრავ, საინტერესო ამბავსაც ისმენ… ჰოდა, ცოცხლდებიან შენს თვალწინ სატრფოსა თუ სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები…  

სხვა ხიბლი აქვს გზაში მოყოლილ ამბებს, – მათთან ერთად გიყვარს, განიცდი, იბრძვი და ხშირად გლოვაც გიწევს…

უშგულისკენ მიმავალთ გზად ამაყად მდგომი კოშკი გვაჩერებს.

-ეს სიყვარულის კოშკია – მეუბნება ჩემი მეგზური დათო ნაკანი და უძველესი ისტორიაც ცოცხლდება – ჯერ სახალხო დღესასწაულს ვსტუმრობ, მერე ულამაზესი წყვილი მეფეთება და მათი სიყვარულის მოწმეც ვხდები… ჩემს თვალწინ ნისლიან ჭიუხვებს სიყვარულით შლეგიც გადაირბენს და… ბოლოს კლდეზე მჯდომ მომტირალ ასულთან ერთად მდინარეს გავჰყურებ და სატრფოს ვტირი …

„ის ქალი ამ კოშკში სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდაო  ამბობენ“- მაფხიზლებს ჩემი მეგზურის ხმა და უშგულისკენ ვაგრძელებთ გზას …

თან მიმყვება სიყვარულის კოშკიდან წამოყოლილი განცდა და დათო ნაკანის მოყოლილი

ლეგენდა აკრძალულ სიყვარულზე …

უხსოვარი დროიდან, სვანეთში, სოფელ კალაში კვირიკობას აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს და თავდავიწყებით შეჰყვარებიათ.

გოგოს, რომელიც მზეთუნახავივით ლამაზი იყოო მიაგული ერქვა, ამ სოფლიდან ყოფილა, იფარიდან… დედით ობოლი მამას სალოცავად ჰყავდაო…

ბიჭი სოფელ კალის მკვიდრი იყო. ოტია მარგველანს, იგივე ბეშქენს ვაჟკაცობას უქებდნენ, კარგი მონადირეც ყოფილა. ჰოდა, ეს ვაჟკაცი, ამ ულამაზესი ქალის სიყვარულმა მოდრიკა, არადა ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე…

სიყვარულით შეპყრობილები ერთმანეთს აქ, ამ მდინარესთან ხვდებოდნენ ჩუმად.

ბოლოს ეს სიყვარულის ამბავი ქალის მამამ გაიგო, შვილი გამოუტყდა ბეშქენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. აღელვებულმა მამამ შვილის გონების არევისთვის ბეშქენის დასჯა გადაწყვიტა… მოვკლავო – იმუქრებოდა…

ქალის რჩეული, მუხლებზე დაცემულა და ამ მტანჯველი სიყვარულისთვის პატიება უთხოვია – მომკალი, დამსაჯე, შენი ქალის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც არა აქვსო…

ამბობენ მამის ნაცვლად ბუნებამ დასაჯაო მიჯნური…

ბედმა უმუხთლა, ყინულზე ფეხი დაუცურდა და ქარაფებიდან გადაჩეხილი ენგურში ჩავარდნილა…
ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე.

ამბობენ ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.

იმ დღის შემდეგ ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია მიაგულს…

სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს იჯდა და მწარედ მოსთქვამდა თურმე.

მამას შებრალებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია…

მიაგული, ამ კოშკში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდაო ამბობენ…

 

სვანეთის ლამაზი და დაუვიწყარი დღეებისთვის

მადლობა ჩემს მეგობრებს

დათო ნაკანს და

ფრენსის პრიმერსკის (Francis Prymerski)

დეა თავბერიძე

 

 

jolo.ge

Comments
Loading...