სირიაში წასვლამდე, მებრძოლები ოჯახებს 15 ათას დოლარს უტოვებენ
«სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს» მუფთს, იასინ ალიევს მეიდანზე, ჯუმა მეჩეთში ვეწვიე. აქ, ერთ სივრცეში, ერთმანეთთან ახლოს, მართლმადიდებლური სალოცავები, სომხური ეკლესია, სინაგოგა მდებარეობს. როცა ამ სილამაზეს უყურებ, ფიქრობ, რომ ღმერთი ყველასთვის ერთია, მხოლოდ სახელი აქვს სხვადასხვა… რატომ მიდიან ქართველი მუსლიმანები, მათ შორის, ქალებიც «ისლამური ხალიფატის» წევრებად, როდის გაჩნდა ცნება – «რადიკალური ისლამი», რა არის «ჯიჰადი», რა თანხას უტოვებენ საკუთარ ოჯახებს სირიაში საბრძოლველად წასულები, ვინ არის ჭეშმარიტი მუსლიმანი და ვინ არღვევს ყურანის მცნებებს, ვინ მოხვდება სამოთხეში და ვინ აფინანსებს ახლო აღმოსავლეთის ომებს, ემუქრება თუ არა საქართველოს ტერორიზმი, იყო თუ არა «შარლი ებდოს» ტრაგედია 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის შესავალი? – ამ და სხვა საკითხებზე «ქართული სიტყვა» «სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს» მუფთს, ჰაჯი იასინ ალიევს ესაუბრა:
– საბჭოთა დროს ყველანაირი რელიგია აკრძალული იყო. მორწმუნეები ჩუმად ლოცულობდნენ, ზოგი სალოცავშიც ახერხებდა მისვლას. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, დემოკრატიული, სტუმართმოყვარე, ამიტომ ჩვენც, მუსლიმანები თავს დაცულად ვგრძნობთ, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად, მშვიდობიანად ვცხოვრობთ. მეიდანზე, სადაც ჩვენი ჯიმა მეჩეთია, ქრისტიანული, გრიგორიანული, ებრაული სალოცავები საუკუნეების წინ აგებულ შენობებშია განთავსებული. აქ ყველა ერი, საუკუნეების განმავლობაში, ურთიერთპატივისცემაში ცხოვრობდა…
ისლამი სამ წმინდა წიგნს აღიარებს, რომლებიც კაცობრიობის უდიდესი აზროვნების ნაყოფია: «ბიბლიას», «თორას» და «ყურანს». ჩვენთვის სამივე წმინდაა. ასე დაგვიტოვეს წინაპრებმა, მაგრამ არის მესამე ძალა, რომელიც ხელის შეშლას ცდილობს Dდა ეს ძალა პოლიტიკაა
– ამბობთ, რომ ისლამის მიმდევარს ნაციონალობა არ აქვს. ეს რას ნიშნავს?
– როცა მუჰამედ წინასწარმეტყველი მეზობლის დახმარებისკენ მოგიწოდებს, ამბობს, თუკი შენ მაძღარი ხარ და მეზობელი მშიერია, შენ რწმენა არ გქონია. და კიდევ: როცა იგი ამბობს, ღარიბებს დაეხმარეო, ყველა შემთხვევაში, ხელს ადამიანისკენ იშვერს, არაფერს ამბობს მის ნაციონალობაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ ისლამი ნაციონალობას მნიშვნელობას არ ანიჭებს.
– ბოლო დღეებში «ისლამური სახელმწიფოს» გარშემო მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი მუსლიმანი ახალგაზრდები ქააფირებს სასტიკად ემუქრებიან. საიდან ეს აგრესია? აკი, მითხარით, აქ მუსლიმანებს არავინ გვერჩის და მშვიდად ვცხოვრობთო…
– ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საბრძოლველად მუსლიმანობის სახელით წავიდნენ, მაგრამ ჭეშმარიტი მაჰმადიანი კაცის მოსაკლავად არსად წავა.
– თქვენი აზრით, მაშ, რატომ წავიდნენ?
– პირველ რიგში, ფინანსური ინტერესის გამო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ წინასწარ უხდიან თანხას, წასვლამდე ოჯახებს 15 ათას დოლარს უტოვებენ, საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ნაალაფარსაც იღებენ და იქიდანაც აქვთ შემოსავალი. მათ არწმუნებენ, რომ ქააფირების წინააღმდეგ ბრძოლაში თუკი ერთს მაინც მოკლავენ, სამოთხეში მოხვდებიან, თუ თავად მოკვდებიან, სიკვდილის მერე, სამოთხეში შეიხები გახდებიან.
– გამოდის, რომ ნებისმიერ ვარიანტში, სამოთხეში ხვდებიან, არა?
– ეს ის ხალხია, ვისაც «ყურანი», წმინდა წიგნები არასოდეს წაუკითხავს.
– საბრძოლველად ახალგაზრდები მიდიან, ზოგ მათგანს ხელში იარაღი არასოდეს სჭერია. სპეციალურ მომზადებას სად გადიან?
– ვფიქრობ, სადღაც ამზადებენ, სხვანაირად არ იქნება, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, ეს სად ხდება.
– ტერორისტულ ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს?
– მსოფლიო ამბობს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგია. ევროპა, რუსეთი, აშშ, სირია, ერაყი – ყველანი «ისლამური ხალიფატის» წინააღმდეგ გამოდიან, მაშინ, საიდან მოდის ამდენი ფული, რაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ომის წარმოებისთვის იხარჯება, თანამედროვე იარაღი, აღჭურვილობა, მეომრების ხელფასი, კვება, საიდან ყველაფერი ეს? ჩემი პასუხი ასეთია: ისევ პოლიტიკა! როცა სირიასა და ერაყში მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, პოზიცია-ოპოზიცია ფულს თავისი დამფინანსებლების წყალობით შოულობს, სხვებსაც ითრევენ ბრძოლაში და ქვეყანას აჩანაგებენ და ყველაფერი ეს რატომღაც ისლამის სახელით ხდება.
– თუკი «ყურანში» – მუსლიმთა წმინდა წიგნში, ძალადობის პროპაგანდა არ დევს, მაშინ, რას ეყრდნობიან მეომრები, რომლებიც «ალლაჰ აკბარ»-ის შეძახილით კლავენ, იბრძვიან?
– ასეთი შეძახილი ირანშიც გამიგონია, ეს სიტყვები ნიშნავს «ალაჰი დიდებულია». როცა საქართველოში რაღაც გვიხარია, ვამბობთ: «გაუმარჯოს საქართველოს», ან «უფალი ვადიდოთ!»
– არის თუ არა ეს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე?
– პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ იმას, რაც დღეს სირიაში, ახლო აღმოსავლეთში ხდება, ისლამთან კავშირი არ აქვს. ჭეშმარიტ მუსლიმანს ეს აწუხებს. სირიასა და ერაყში მარტო მუსლიმანები არ იბრძვიან, იქ მრავლად არიან ვეროპელები, რუსები, აშშ-ს მოქალაქეები, რატომ ახსენებენ მხოლოდ მუსლიმანებს?! თავად მე, ბაქოსა და ბაღდადში ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთ წიგნშიც არ წამიკითხავს, რომ ისლამის მიმდევარმა ვინმე უნდა მოკლას. პირიქით, ასე წერია, ვინც ერთ მშვიდობიან მოქალაქეს მოკლავს, ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.
– საიდან გაჩნდა ტერმინი «რადიკალური ისლამი»?
– «რადიკალური ისლამი» რამდენიმე ათეული წლის წინ გაჩნდა, როცა საბჭოთა არმია ავღანეთში შევიდა. მის წინააღმდეგ ტერორისტული დაჯგუფებები შეიქმნა – «თალიბანი», «ალ ქაიდა» და სხვები. მსოფლიოს აზანზარებდა ბინ ლადენის სახელი, რომელიც, როგორც ამბობენ, რამდენიმე წლის წინ მოკლეს. დღესაც არ ვიცი, ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობდა თუ ეს ლეგენდა იყო. «ისლამური სახელმწიფოს» გამოცხადების მერე, ვიღაც ალ ბაღდადი გამოჩნდა, ფოტოებიც კი გავრცელდა, მაგრამ არც ეს ვიცი, ცოცხალია თუ არა კაცი, რომლის შესახებაც ისტორიას ავრცელებენ, თითქოს წარმოშობით ებრაელია, მერე მუსლიმანი გახდა და ახლა «ისლამურ სახელმწიფოს» აშენებს. ყველაფერ ამას ისლამსა და სახელმწიფოსთან საერთო არაფერი აქვს.
საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები ვაცნობიერებთ, რომ თითქმის საომარ მდგომარეობაში ვართ, აქაც საჭიროა ქვეყნის დაცვა. თუკი მუსლიმს ის სახელმწიფო არ უყვარს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მას რწმენაც არ აქვს.
– როგორ ფიქრობთ, საქართველოს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება?
– არ მგონია, საქართველოში მუსლიმებს დაპირისპირება არავისთან აქვთ.
– აბა, ინტერნეტში გავრცელებული ზემოხსენებული მიმართვა რას ემსახურება?
– იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი შეუერთდეს «ისლამური სახელმწიფოს» მებრძოლებს.
– მიმართვის ტექსტი სასტიკია, ქააფირებს თავებს დავაყრევინებთო…
– მუსლიმები შესაწირავად გამზადებულ ცხოველებსაც კი ეფერებიან, ჭეშმარიტი მუსლიმანი ადამიანებს თავებს როგორ დააჭრის? ასეთებს რელიგიასთან კავშირი არ აქვთ, ესენი არიან გამხეცებული ადამიანები, რომლებსაც ოჯახები ამოუწყვიტეს, ქონება დააკარგვინეს, საკუთარი სამშობლოდან აყარეს და ქუჩაში დააგდეს.
– კაცობრიობამ გადაიტანა ჯვაროსნული ომები, ფაშიზმი, მაგრამ ეს ლოკალური ომები იყო, დღეს არ ვიცით, სად იფეთქებს ბომბი, ვის სიცოცხლეს შეიწირავს…
– ზესახელმწიფოები არასწორ პოლიტიკას ეწევიან, მათ პატარა ქვეყნების განადგურების გეგმა აქვთ. აშშ და რუსეთი საკუთარ ძალას ერთმანეთს სხვის ტერიტორიაზე – ახლო აღმოსავლეთში აჩვენებენ, აბა, საკუთარ მიწაზე ხომ არ იბრძოლებენ?! არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ამბობენ, თურქეთი მთიან ყარაბაღში შეჭრას აპირებსო, ამას, ბუნებრივია, რუსეთის რეაქცია მოჰყვება, რომელიც სომხების ინტერესებს დაიცავს და რა შუაშია აქ ისლამი?!
– საქართველოში აგრესიული ისლამის იდეები ვის შემოაქვს? ხომ არ შეხვედრიხართ უცხო პიროვნებებს, რომლებიც ხალხის გადაბირებას ცდილობენ? სირიაში მებრძოლი «სახელგანთქმული» საველე მეთაურები პანკისის ხეობიდან არიან.
– ამ ბოლოს საზღვარგარეთიდან არავინ შემიმჩნევია, ადრე, 90-იან წლებში, რუსებსა და ჩეჩნებს შორის ომის დროს, უცხო პირები დადიოდნენ და ჩეჩენთა დასახმარებლად ხალხს აგროვებდნენ. ძირითადად, პანკისის ხეობაში ჩამოდიოდნენ, მეჩეთიც კი ააშენეს. ჩვენ დავდივართ სოფელ-სოფელ და ხალხს ვხვდებით, ვუხსნით, რომ «ისლამურ ხალიფატს» ისლამთან არაფერი აქვს საერთო. მადლობა ღმერთს, გვისმენენ, ასე ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი მორწმუნეები არასასურველი იდეებისგან. ორი წელია, ქართული სახელმწიფო მუსლიმანებისთვის კარგ საქმეებს აკეთებს – აჭარაში მედრესეები გაიხსნა, არემონტებენ მეჩეთებს. განა, ცოტაა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის 300 მეჩეთი? რაც შეუძლია, გვეხმარება რელიგიათა სახელმწიფო სააგენტო. ჩვენს გარდა, სხვებიც არიან, მათაც დახმარება სჭირდებათ. ბოლო სამი თვის განმავლობაში სამჯერ ვიყავი პანკისში, ვესაუბრე ხალხს, მოვუწოდე, სხვებს არ მოუსმინოს. შევახსენე, რომ საქართველოს მთავრობა მუსლიმანებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. განა, დიდი პატივი არაა საქართველოს მუსლიმანებისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი ბაირამობის დღესასწაულს პირადად გვილოცავს?! ისლამის მიხედვით, უმადურობა დიდი ცოდვაა. დმანისში დავიბადე და გავიზარდე, 17 წელია, მეჩეთს ვემსახურები, ქართველი ხალხის პატივისცემას როგორ დავივიწყებ, უნდა იცხოვრო საქართველოში და ამ სიყვარულს გაიგებ.
– «ისლამურ ხალიფატში» მრავლად არიან ქალები, რომლებიც მამაკაცების გვერდით იბრძვიან.
– ვიდრე ეს ქალები ადგილამდე ჩავლენ, ეუბნებიან, რომ ქააფირების წინააღმდეგ ბრძოლაში მათ თავიანთი მისია აქვთ – მეომრებს მოუარონ, საჭმელი მოუმზადონ, რომ მათ თავისუფლად იბრძოლონ. ბევრ ქალს ფული სჭირდება და მიდის ამ საქმეზე. «ისლამისტებთან» თავს უამრავი ქვეყნის ფული იყრის. სადაც ბევრი ფულია, ხალხიც იქ ეტანება
– არსებობს მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაჰაბიტებს ახალისებდა და «ნაციონალები» მათ ლობირებდნენ.
– პანკისში ნარკომოვაჭრეები ბატონობდნენ. სააკაშვილამდე რამდენიმეჯერ ვიყავი ჩასული, დიდი გაჭირვებით ჩავედი და უკან დიდი გაჭირვებითვე გამომაცილეს. სააკაშვილმა ვაჰაბიტებისგან პანკისი გაასუფთავა.
– გასულ წელს, ერთ მშვენიერ დღეს, წალკიდან მუსლიმანთა წინამძღვარი იმამი გაქრა. ოჯახმა განაცხადა, რომ იგი თურქეთში სამუშაოდ წავიდა. აღმოჩნდა, რომ «ისლამურ ხალიფატს» შეუერთდა…
– ვიცი ამ შემთხვევის შესახებ. ახლა ვიკითხოთ, მან რა განათლება მიიღო? რამდენად იცნობდა ისლამს? 50 წელს გადაცილებული კაცი იყო, იარაღით ხელში ვერ იბრძოლებდა, თუმცა ეს პასუხისმგებლობას არ უხსნის, მაგრამ რაღაცით მოიხიბლა, რახან ეს ნაბიჯი გადადგა. ზოგადად, როცა ხალხის აბუნტება უნდათ, თავისუფლებას ჰპირდებიან, სამართლიანობას, ახალი სახელმწიფოს აშენებას. განა, საქართველოში ისლამის მიმდევარს თავისუფლება არ აქვს?
– ბატონო იასინ, რა არის ჯიჰადი?
– ჯიჰადი «ბრძოლას» ნიშნავს. ჭეშმარიტმა მუსლიმანმა საკუთარ თავთან ბრძოლა უნდა დაიწყოს. მაგალითად, როცა სპირტიანი სასმელებისკენ მიდრეკილება აქვს, უნდა გააცნობიეროს, რომ ეს დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს შეებრძოლოს. როცა აღარ სვამს, ეს ნიშნავს, რომ ჯიჰადი ჩაიდინა და სმას გადაეჩვია, ანუ ნებისყოფა გამოიჩინა. «ჯიჰადი» იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ვიღაც უნდა მოკლას. არამედ, სატანას ვებრძოლოთ, ცოდვა განვდევნოთ ჩვენგან. სიტყვამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა, «ჯიჰადი» მობილიზაციასაც ნიშნავს. მაგალითად, თუ რუსეთი თავს გვესხმის, ჯიჰადი უნდა გამოვაცხადოთ.
– ახლო აღმოსავლეთის საომარი ზონებიდან, წლების განმავლობაში, უამრავი ლტოლვილი ჩავიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის აეროპორტიდან მუსლიმანები გაათავისუფლეს. სამსახურდაკარგული პირების უკან მათი ოჯახები დგას, ისინი ხომ უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. რა მოხდება, თუკი მთელი მსოფლიო მუსლიმანებს ბრძოლას გამოუცხადებს?
– პარიზში, ჟურნალ «შარლი ებდოზე» თავდასხმამ ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა საზოგადოება. გამოცემა აღიზიანებდა მორწმუნეებს, მათ რწმენას დასცინოდა, როცა რამდენიმე ადამიანი მილიარდობით მუსლიმანის რწმენას შეურაცხყოფს, ამაზე რეაგირებაა საჭირო. ჩემი აზრით, «შარლი ებდო» იმ დიდი ტრაგედიის შესავალი იყო, რაც 13 ნოემბერს პარიზში მოხდა. ნუთუ, არ შეეძლოთ ეს პროცესი შეეჩერებინათ? მსოფლიოს აჩვენეს, რომ მოქალაქეებს მუსლიმის უნდა ეშინოდეს. თუკი ადამიანი რწმენის მიმდევარია, რატომ უნდა დამალოს? რახან მუსლიმანი ვარ, ჩემმა მეზობელმა ისე უნდა მიყუროს, როგორც ტერორისტს? ზოგადად, როცა მუსლიმანს ერჩიან, არაფერს ამბობენ და ყველაფერი ეს მათი დამსახურებაა, ვინც ისლამის სახელით ბოროტებას სჩადის.
საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ, რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, მაგრამ როცა დამოუკიდებელ საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს თავს დაესხა, არავის უთქვამს, რუსები ტერორისტები არიანო. რელიგიური ნიშნით მხოლოდ მუსლიმანებზე ლაპარაკობენ. ეს ჩვენ გვაწუხებს.
ერთ უცნაურ ამბავს გეტყვით: აშშ-ის პრეზიდენტის, ბუშის თავდასხმაში ბრალდებული ვოვა არუთინიანი საქართველოს სომეხი მოქალაქე იყო. ამ ამბიდან რამდენიმე ხნის მერე, პატიმრის დედა ჩვენთან მოვიდა, განაცხადა, რომ მუსლიმანია და დახმარება გვთხოვა.
– რა გააკეთეთ?
– რა უნდა გვექნა? სომხურ ეკლესიას მიმართე-თქო, ვურჩიეთ.
– ბატონო იასინ, როგორ ფიქრობთ, «ისლამურ სახელმწიფოს» ბოლო მალე მოეღება?
– «ისლამური სახელმწიფო» ჰაერშია გამოკიდებული, ვიმეორებ: ეს წარმონაქმნი ახლო აღმოსავლეთში პოზიცია-ოპოზიციის მიერ დაფინანსებული და შექმნილი გაუგებარი ერთობაა, რომელიც პირველ რიგში, მუსლიმანებს აგდებს გამოუვალ მდგომარეობაში. პარიზის ტერაქტს საქართველოს პატრიარქი გამოეხმაურა და განაცხადა, ისლამური რელიგია არაფერ შუაშიაო. ერთხელ მითხრეს, შევარდნაძე პირველი პრეზიდენტია, ვინც მეჩეთში ფეხი შედგაო, შევუსწორე: არა, პირველი დავით აღმაშენებელი იყო-მეთქი. დიდებული მეფე, რომელმაც მუსლიმთა სალოცავ და საცხოვრებელ უბნებში ღორის დაკვლა აკრძალა, რათა მორწმუნეები არ გაეღიზიანებინათ. ჩვენი ორგანიზაცია თავისთან ყველა მიმდინარეობის მუსლიმანს აერთიანებს, ჩვენ, მუსლიმებს საქართველოს, მისი ხელისუფლების მიმართ სიყვარული და მადლიერების გრძნობას ვუღვივებთ. ჩვენ სხვებთან ერთად მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა და სალოცავები. ამიტომ მათ, ვინც ჩვენს შორის ურთიერთობების დაძაბვას შეეცდება, შევეწინააღმდეგებით!
ესაუბრა ნათია გოგიტიძე