სირიის ომი – როგორ დაიწყო ყველაფერი, ძირითადი საკითხები
1.რა მიზეზებმა გამოიწვიეს სირიის კონფლიქტი?
2011 წლიდან სირია არის ძალადობრივი დაპირისპირებების კერა. „არაბული გაზაფხულის“ ფარგლებში დაწყებული მშვიდობიანი დემონსტრაციიები კომპლექსურ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სამოქალაქო ომში უამრავი ფრონტია გახსნილი, რომელთაც ერთმანეთთან დაპირისპირებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები ამაგრებენ. განვიხილოთ მიზეზები, რომლებმაც ომის ესკალაციას შეუწყვეს ხელი:
უსაფრთხოების აპარატის თვითნებობა. სირიის უსაფრთხოების სამსახურები ჯერ კიდევ ბაშარ ალ ასადის მამის, დიქტატორ ჰაფიზ ალ ასადის დროს ჩამოყალიბდა. ისინი არაერთ საიდუმლო ქვედანაყოფს აერთიანებენ. მათი საერთო მახასიათებელი ბრუტალური და განსაკუთრებით დაუნდობელი მეთოდების გამოყენება გახლავთ. „არაბული გაზაფხულის“ პირველი სირიული დემონსტრაციები მაფიის მსგავსმა სამთავრობო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა აგრესიული რეპრესიების გამოყენებით დაარბიეს და ჩაახშვეს. დააკავეს, აწამეს და დახოცეს დემონსტრაციათა ორგანიზატორებიც. მშვიდობიანი გამოსვლების დარბევას ოპოზიციის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობა მოჰყვა.
სოციალური უთანასწორობა და სიღარიბე. ასადის ეკონომიკური მოდერნიზების გეგმის საფუძველზე სარგებელი ერთეულებმა მიიღეს. გამდიდრდნენ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესეს ქალაქებში მცხოვრებმა საშუალო ფენის მცირერიცხვოვანმა წარმომადგენლებმა. სასოფლო ტიპის დასახლებებში მცხოვრებმა ადამიანებმა, ახალგაზრდების დიდმა ჯგუფებმა კი სიღარიბესა და უმუშევრობაში განაგრძეს ცხოვრება. უთანასწორობა სოციალური კონფლიქტის წინაპირობა გახდა. საზოგადოების გახლეჩას ხელი შეუწყო კლანურმა, ნეპოტისტურმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმაც.
კონფესიებს შორის დაძაბულობა. სირიაში ძალაუფლების უდიდესი ნაწილი რელიგიური უმცირესობის, შიიტური სექტის – ალევიტების ხელშია თავმოყრილი. თავად ასადიც ალევიტურ თემს მიეკუთვნება. ელიტის წარმომადგენლები პოზიციების გამყარების მიზნით წლების განმავლობაში ცდილობდნენ სხვადასხვა ეთნოსების ერთმანეთთან დაპირისპირებას. პარალელურად, ქვეყანაში ტაბუირებული გახლდათ რელიგიურ უფლებებზე და საკითხებზე საუბარი, რაც არაალავიტურ ჯგუფებში უკმაყოფილების დაგროვებას უწყობდა ხელს.
2. კონფლიქტის ძირითადი მოვლენები (მოკლე ქრონიკა)
2011 წლის მარტი, წამება ქ. დარაში. ასადის რეჟიმმა დააკავა და აწამა ბავშვები, რომლებიც კედლებზე „არაბული გაზაფხულის“ ლოზუნგებს წერდნენ. ბავშვების წამებას მათი მშობლების პროტესტი მოჰყვა. პროტესტი ჯარის გამოყენებით დაშალეს. დააკავეს სტუდენტები და აქტივისტები. არეულობით ისარგებლეს ჯიჰადისტებმა, რომლებმაც დატოვეს მიწისქვეშეთი და შეეცადნენ პროტესტის მონაწილეების თავიანთი რესურსებით მხარდაჭერას. ამჟამად, ისინი წარმატებით ხელმძღვანელობენ ტერორისტულ დაჯგუფებებს.
2011 წლის ზაფხული. დარას დემონსტრაციებს მოჰყვა მშვიდობიანი გამოსვლები ჰამასა და ჰომსში, რომლებიც სირიის უსაფრთხოების სამსახურებმა ტრადიციული და ჩვეული მეთოდებით დაარბიეს. ოპოზიციური მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობიანი წინააღმდეგობის მეთოდების არაეფექტიანობაში დარწმუნდა. მათ სირიის არმიის დეზერტირ ჯარისკაცებთან და ჯიჰადისტებთან ერთად შეიარაღებაზე ზრუნვა დაიწყეს, რასაც ქვეყნის რეგიონებში სამხედრო შეტაკებები მოჰყვა. დასავლეთი ასადის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.
2011 წლის შემოდგომა 2012 წლის გაზაფხული. ასადმა და მისმა ოპოზიციამ ვერ შეასრულეს ვალდებულებები, რომლებიც მათ „არაბული ლიგისა“ და გაეროს შუამავლობით იკისრეს. ქვეყანაში ვერ მოხერხდა გაეროს სამშვიდობო ან სადამკვირვებლო მისიის სრულყოფილად განხორციელება.
2012 წლის ზაფხული. აჯანყებულ ძალებს ასადის რეჟიმმა სახმელეთო ჯარების გარდა საჰაერო იერიშებითაც შეუტია. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრებმა ჯიჰადისტებმა თურქეთისა და ერაყის გავლით სირიაში მასობრივი ჩამოსვლა დაიწყეს. ისინი აჯანყებულებს შეუერთდნენ. ასადის რეჟიმმა დაიწყო კასრების ბომბების გამოყენებაც (კასრში მოთავსებული მეტალის ნაწილები, ლურსმნები და დინამიტები), რომლებსაც ხალხმრავალ დასახლებულ პუნქტებში ვერტფრენებიდან ყრიდნენ. სირიის ხელისუფლების ქმედებებმა უმკაცრესი კრიტიკა დაიმსახურეს დასავლეთში.
2013 წლის ზაფხული და შემოდგომა. ასადმა ტერორისტული აქტების საპასუხოდ მომწამლავი გაზისა და ქიმიური იარაღის გამოყენება დაიწყო.
2014 წლის ზაფხული. აშშ იწყებს სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე გაძლიერებული „დაეშის“ კონტროლირებადი ოლქების დაბომბვას. ამერიკის ავიადარტყმები ძირითადად მიმართულია „დაეშის“ და არა სირიის მთავრობის წინააღმდეგ.
2015 წლის ზაფხული და შემოდგომა. ირანის, ერაყის, რუსეთისა და ასადის რეჟიმის მონაწილეობით ყალიბდება კოალიცია „დაეშის“ წინააღმდეგ. რუსეთი იწყებს საჰაერო შეტევებს, რომელიც „დაეშზე“ მეტად სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული. თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო, თურქეთის თავდაცვის ძალები ანადგურებენ რუსულ მოიერიშეს.
3.რა ხდება სირიაში ომის დაწყების შემდეგ?
სამოქალაქო ომი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მასში საგარეო ძალებიც ჩაერივნენ. ომის მსვლელობისას სახელმწიფოს ნიშნები შეიძინა „დაეშმა“. ოპოზიციის ნაწილი რადიკალ სალაფისტთა ტერორისტულ მილიციას განუდგა. თავისი ტერიტორიების დაცვის გადაწყვეტილებმა მიიღეს რიგმა ეთნიკურმა და რელიგიურმა ანკლავებმა.
შედეგად: ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთს ქურთები აკონტროლებენ, ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილს აჯანყებულები და დრუზები (ეთნო-რელიგიური უმცირესობა), აღმოსავლეთს „დაეში“, დიდი ქალაქების ოქლებზე კი გავლენის შენარჩუნებას ასადის რეჟიმი და „ჰესბოლა“ ცდილობენ. თითოეული ძალის პოზიცია მყარი არ არის. მიმდინარეობს ზონების ყოველდღიური გადანაწილების პროცესი. იხ. რუკა:
4. რას ედავებიან ასადს?
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მიმართ უმკაცრესი პრეტენზიები მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და აჯანყებულ ძალებს არ აქვთ. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციები კონკრეტულ სამხედრო დანაშაულებებზე მიანიშნებენ. კერძოდ:
✔ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტებისა და არტილერიის გამოყენება.
✔ მასობრივი მკვლელობები. ასადის არმიებს რიგი სოფლებისა და რეგიონების გადაწვაში, იქ ჩატარებულ მასობრივ დახვრეტებში ადანაშაულებენ.
✔ სამხედრო ტყვეებისა და პატიმრების წამება პენიტენციალურ დაწესებულებებში.
✔ სამედიცინო ობიექტებისა და მარაგების განადგურება დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე.
✔ ქალაქებისა და დასახლებების ბლოკადა, მასობრივი შიმშილის პროვოცირება.
✔ სექსუალური ძალადობა ომის მიმდინარეობის დროს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მოწინააღმდეგეებზე, ტყვეებსა და პატიმრებზე.
დაწვრილებით იხილეთ: გაეროს მასალები – http://www.ohchr.org/EN/HRBodies/HRC/IICISyria/Pages/IndependentInternationalCommission.aspx
5. ომის მთავარი აქტორები:
✔ ასადი და მისი ელიტარული ალავიტური „სირიის თავდაცვის ძალები“.
✔ დროთა განმავლობაში დამოუკიდებული შეარაღებული ოპოზიციური დაჯგუფებები საერთო კოალიციაში გაერთიანდნენ. 2015 წლის მარტში მათ „დაპყრობის არმია“ (ალ-ფატაჰი) ჩამოაყალიბეს. მის შემადგენლობაში ყველაზე ძლიერი ფრაქცია „ნუსრას ფრონტი“ გახლავთ, რომელიც „ალ-ქაიდას“ სირიულ შტოს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში გაწევრიანებულნი არიან შარიათის კანონებისათვის სახელმწიფოებრივი სტატუსის მინიჭების მსურველი რადიკალი ისლამისტები, რომლებმაც „დაეშშთან“ მუდმივ თანამშრომლობაზე უარი თქვეს.
✔ შედარებით სეკულარულ პოზიციებზე მდგარმა აჯანყებულებმა დააფუძნეს „სირიის თავისუფალი არმია“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უარს არ ამბობს მასზე ძლიერ „ნუსრას ფრონტის“ ლიდერობით ჩამოყალიბებულ კოალიციასთან თანამშრომლობაზე.
✔ ტერორისტული მილიცია „დაეში“ (ე.წ. ისლამური სახელმწიფო), რომელიც თავდაპირველად ერაყისა და ლევანტის (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი) ვაჰაბიტური იდეების საფუძველზე ერთ სახელმწიფოში გაერთიანებას ესწრაფვის. მისი შორსმიმავალი გეგმები შარიათის კანონების საფუძველზე მოქმედი ძალაუფლების საერთაშორისო გავრცელებასა და მერვე საუკუნის მსგავსად „ხალიფატის“ ჩამოყალიბებას უკავშირდება.
✔ „სახალხო თავდაცვის ერთობა“ – ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიული განშტოება. მისი მიზანი ქურთისტანის ძლიერი ავტონომიის ან დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნა გახლავთ. საჭიროების შემთხვევაში, იგი „დაეშის“ გარდა თითქმის ყველა აქტორთან თანამშრომლობს.
✔ ასადის მხარდამჭერი უცხოური ძალები, რომლებიც ჩართულნი არიან კონფლიქტში თავიანთი სამხედრო რესურსებით: ირანი, ერაყი, რუსეთი, ლიბანური „ჰესბოლა“.
✔ ასადის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ჩართულნი არიან კონფლიქტში თავიანთი სამხედრო რესურსებით: ამერიკა, თურქეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები. ასადის მოწინააღმდეგეთა კლასიფიცირება შეიძლება მათი „დაეშისადმი“ დამოკიდებულების მიხედვითაც. ნატოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა კონფლიქტში ჩართულია არამხოლოდ სირიის პრეზიდენტის, არამედ „დაეშიც“ წინააღმდეგაც. თურქეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს კი საერთაშორისო მედია ხშირად ადანაშაულებს „დაეშის“ პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში.
6. დაეშის როლი
დაეშის როლის შესახებ ცალკე უნდა დაიწეროს ანალიტიკური ნარკვევი.
7. რატომ არის ირანი ასეთი მნიშვნელოვანი?
ირანი ასადის რეჟიმის მთავარ პარტნიორად მიიჩნევა. გაეროს ყოფილი წარმომადგენელი დამასკოში ლახდარ ბრაჰიმი ირანს სირიაში აშშ-სა და რუსეთზე გავლენიან ძალად აცხადებს.
ირანი სირიის შიდაპოლიტიკაში 2011 წელსვე ჩაერია. მან აჯანყებულებთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია გაუზიარა ასადს. სირიის საკითხზე გაეროს ამჟამინდელი მომხსენებლის, სტეფან დე მისტურას შეფასებით ირანი ასადის მხარდასაჭერად ყოველ წელს ექვს მილიარდ დოლარს ხარჯავს. არაოფიციალური წყაროები 15-20 მილიარდის ყოველწლიური ხარჯვის ტენდენციაზეც მიანიშნებენ. ირანს ასადის მხარდაჭერისათვის უამრავი მიზეზი აქვს:
✔ სირია ირანის ერთ-ერთი მთავარი მოვალე ქვეყანაა. ასადის რეჟიმის ირანული ვალი 2011-14 წლებში 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სავარაუდოდ, სხვა ნებისმიერი მთავრობა უარს იტყვის ირანის კრედიტის დაფარვაზე.
✔ ირანული ნავთობის ექსპორტირების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი სირიული პორტი ბანიასია. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით ამ პორტიდან დღეში სამოცი ათასი ბარელის ექსპორტზე გატანა ხერხდებოდა.
✔ ირანელმა მოხალისეებმა და გენერლებმა სამოქალაქო ომის მიმდინარეობის დროს მყარად მოიკიდეს ფეხი ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ისინი იქ ცხოვრობენ და კონსულტაციებსა თუ სხვა ტიპის დახმარებას უწევენ საპრეზიდენტო ჯარებს. შესაბამისად, ირანს საკუთარი მოქალაქეების დაცვის ვალდებულებაც აქვს. ირანული ქვედანაყოფები ომში დამოუკიდებელი რაზმების სახით მონაწილეობენ და ასადის არმიაში უშუალოდ არ ირიცხებიან. ირანის ძალები ასადის დამხობის შემთხვევაში ძალაუფლებას მაინც შეინარჩუნებენ.
✔ 1980-იანი წლებიდან ირანი, სირია და ლიბანურ-პალესტინური ჰესბოლა ერთგვარ ალტერნატიულ ღერძს ქმნიან რეგიონის სუნიტური ძალებისა და ისრაელის დასაბალანსებლად.
8. რატომ ერევა საქმეში რუსეთი?
რუსეთისა და სირიის თანამშრომლობა სათავეს „ცივი ომის“ პერიოდიდან იღებს. პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ წარსულის სენტიმენტები არ ამოძრავებს. მას ასადის მხარდაჭერის დროს თავისი სტრატეგიული გათვლები აქვს. სახელდობრ:
✔ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის მთავრობებს (განსაკუთრებით კი პუტინსა და მის მხარდამჭერებს) „ზესახელმწიფოს“ სტატუსის დაბრუნების ამბცია აქვთ. რუსეთს სურს, რომ არამხოლოდ მასთან და მის უშუალო სამეზობლოსთან დაკავშირებული საკითხები წყდებოდეს ფედერაციის მთავრობის მონაწილეობით, არამედ მოსკოვს აშშ-ს საპირწონე გავლენა ჰგონდეს სხვა რეგიონებში მიმდინარე პრობლემების განხილვის დროსაც.
✔ რუსეთს სურს დაიბრუნოს საჭირო და აუცილებელი პარტნიორის სახელი. იგი გამოდის ინიციატივით, რომ დასავლეთთან ერთად ჩამოყალიბდეს ფართო კოალიცია ყველაზე დიდი ბოროტების, „დაეშის“ წინააღმდეგ. კოალიციის შექმნის შემთხვევაში, რუსები მათ მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისათვის მსოფლიო საზოგადოების თვალში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის მინიჭებას შეეცდებიან. ამგვარად შესაძლებელია დასავლური იზოლაციის დაძლევაც.
✔ რუსეთის ერთადერთი საზღვაო ბაზა ხმელთაშუაზღვისპირეთში სირიულ ქალაქ ტარტუსში მდებარეობს. აღნიშნული ბაზა ამასთანავე არის რუსეთის ერთადერთი მილიტარისტული ცენტრი პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა. ასადის რეჟიმის გარდა ფაქტობრივად არ მოიძებნება ძალა, რომელიც რუსულ სამხედრო ბანაკს ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შეუქმნის.
✔ რუსეთი ებრძვის „დაეშის“ მხარეს საომრად წასულ ჩრდილოკავკასიელ ჯიჰადისტებს, რომლებიც ტერაქტებით ფედერაციას ემუქრებიან. ჯიჰადისტები “ხალიფატის“ ერთ-ერთი ვილაიეთის ჩამოყალიბებას სამხრეთ რუსეთშიც აპირებენ.
✔ რუსეთი იცავს წლების განმავლობაში სირიაში დაბანდებულ საბჭოთა და რუსულ ინვესტიციებს (დაახლოვებით 20 მლრდ).
9. რას აკეთებენ სპარსეთის ყურის ქვეყნები?
მათი მიზანი ასადის რეჟმის დამხობაა, რადგან პრეზიდენტი მათთვის უპირველესად ირანთან ასოცირდება. ირანი კი მთელ ახლო აღმოსავლეთში ცდილობს შიიტების მობილიზებას საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად. შიიტები საფრთხეს უქმნიან საუდელებისა და ყატარელების ინტერესებს იემენში, ერაყში, პალესტინასა თუ იორდანიაში, საკუთრივ კატარის ნახევარკუნძულზე. შეგახსენებთ, რომ სირიის პარალელურად სამოქალაქო ომი იემენშიც მინდინარეობს, სადაც ერთმანეთს საუდის არაბეთისა და ირანის სამსახურებისგან მხარდაჭერილი, სხვადასხვა ისლამური მიმართულების წარმომადგენელთა მიერ დაფუძნებული დაჯგუფებები უპირისპირდებიან.
ბუნებრივია, თუ სირიაში საუდელთა ან ყატარელთა მიერ კონტროლირებული პარტიები მოვლენ ხელისუფლებაში მდიდარი ქვეყნების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაიზრდება, ირანს კი საექსპორტო პოტენციალი შეეზღუდება.
ყატარი ფსონს „ნუსრას ფრონტზე“ დებს. საუდის არაბეთი კი „სირიის თავისუფალ არმიაში“ შემავალ გაერთიანებებსაც აფინანსებს. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის რიგი შტოები წლების მანძილზე ფინანსურ დახმარებას ოფიციალურად უწევდნენ იმ ჯგუფებს, რომლებიც დღეს „დაეშის“ შემადგენლობაში ირიცხებიან.
დამატებით გთავაზობთ ცნობილი ევროპელი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, იან ფლაიშჰაუერის სვეტს იხ. http://wp.me/p4u0oC-9g
10. რა პოზიცია აქვს დასავლეთს?
დასავლეთის მიზანი ასადის გადადგომა, დროებითი გარდამავალი მთავრობის ფორმირება და სირიაში დემოკრატიული სისტემის დაფუძნებაზე ზრუნვა გახლავთ. თუმცა, მიზნამდე მისაღწევი გზების შესახებ დასავლური ძალები ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავენ. მაგალითად, საფრანგეთი და აშშ ასადის რეჟიმთან თანამშრომლობის შესაძლებლობას გამორიცხავენ. ესპანეთი და ავსტრია ასადთან კომპრომისის მომხრეები არიან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დოქტორი შტაინმაიერი კი შუალედური პოზიციის გამოხატვას ასეთი სიტყვებით ცდილობს: „ასადს მომავალი არ აქვს, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა მისი მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.“
ამჟამად, დასავლეთის პრიორიტეტი „დაეშის“ განადგურებაა. პარიზის მოვლენების ფონზე ასადის თემა „დაეშთან“ შედარებით ნაკლებად აქტუალურია.
აშშ თანამშრომლობს იმ ოპოზიციურ ძალებთან, რომლებიც ალ-ქაიდასთან და IS-ისთან არ არიან დაკავშირებულნი. CIA-ს პროგრამით სპეციალური წვრთნა 5000-ზე მეტმა ოპოზიციონერმა მებრძოლმა გაიარა.
დასავლეთი ამავდროულად მილიარდებს ხარჯავს მიგრანტთა ჰუმანიტარული თუ სხვა ტიპის დახმარებისათვის.
დამატებით იხილეთ http://wp.me/p4u0oC-8Y
11.თურქეთისა და ქურთების საკითხი სირიის ომში
თურქეთის დღევანდელი, ისლამისტურ-კონსერვატიული მთავრობის გაცხადებული მიზანი მათი ქვეყნის რეგიონალურ ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბება გახლავთ. ანკარის ამოცანაა მისი პარტნიორი სირიული ოპოზიციური ძალები, სუნიტური ჯგუფები ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. ამასთანავე, თურქები საფრთხეს ხედავენ ქურთული მილიტარისტული ძალებისა და თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ PKK სირიული განშტოების გაძლიერების საქმეშიც. თურქებს ირენდანტიზმის ეშინიათ (ციტატა სამოქალაქო განათლების ლექსიკონიდან: თანამედროვე პოლიტიკაში ირედანტიზმი ეწოდება რომელიმე ქვეყანაში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის მოთხოვნას, გამოეყოს ქვეყანას და შეუერთდეს ისტორიულ სამშობლოს, ხალხთა ერთობას.)
ქურთები სირიაში ალევიტური ელიტის განსაკუთრებულ ყურადღებას არასდროს იმსახურებდნენ. მეტიც, ქურთები სირიაში ხშირად დისკრიმინირებულნიც იყვნენ. თუმცა, როგორც კი სამოქალაქო ომში თურქეთმა ოპოზიციის მხარი დაიჭირა, ასადის რეჟიმმა სრული თავისუფლება მიანიჭა ქურთულ თემს. ომის მიმდინარეობის დროს ასადის ავიაციას ქურთებისათვის სერიოზული დარტყმა ფაქტობრივად არ მიუყენებია.
სირიის ომის კვალდაკვალ, 2015 წლის ივლისიდან თურქეთსა და PKK-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაირღვა. შესაბამისად, სამხედრო დაპირისპირება განახლდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებშიც.
12.ალავიტების შესახებ
იხ. http://www.amerikiskhma.com/content/syria/1443764.html
13. რამდენი ადამიანია დაღუპული სირიის ომში
2015 წლის შემოდგომისათვის, „სირიის ადამიანის უფლებათა ზედამხედველობის ცენტრის“ მონაცემებით ომის დროს 240 381 ადამიანია დაღუპული. ამავე ორგანიზაციის მტკიცებით, დაღუპულებისა და უგზოუკლოდ დაკარგული ადამიანების საერთო რაოდენობა 330 000-ზე მეტია. გფრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი თავის გამოსვლებში 250 000-მდე გარდაცვლილის შესახებ საუბრობს.
დაღუპულთა და დაკარგულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო პირები, ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.
აღსანიშნავია, რომ სირია ძნელად ხელმისაწვდომი ტერიტორიაა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისათვის. შესაბამისად, ომის პერიოდში მოპოვებული ცნობებისა და სტატისტიკის შინაარსზე სერიოზული მსჯელობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.
14. რამდენი დევნილი წარმოშვა სირიის ომმა?
კონფლიქტის შედეგად სირიის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა, 12 მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა. მათი უდიდესი ნაწილი, დაახლოვებით შვიდი მილიონი ადამიანი საკუთარი ქვეყნის შიგნით იმყოფება დევნილობაში. ორმა მილიონმა მიგრანტმა ბინა თურქეთის ბანაკებში დაიდო. მილიონმა ადამიანმა თავი ლიბანს შეაფარა. გაეროს მონაცემებით 600 000-მდე სირიელი თავს იორდანიაში აფარებს.
2014 წლის მონაცემებით 120 ათასმა ადამიანმა ევროკავშირის ქვეყნებისაგან მოითხოვა მფარველობა. ისინი ძირითადად შვედეთში ან გერმანიაში ცდილობენ დასახლებას. 2015 წელს ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში მიგრირებულ პირთა რაოდენობა გაზრდილია, მიგრაციის ტენდენცია შენარჩუნებული.
15. დასკვნა
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებას იმას, რომ დამკვირვებლებმა შეძლონ სირიაში მიმდინარე ომის ყველა ძირითადი მდგენელის შინაარსის განსაზღვრა. სირიაში მიმდინარე ომი აერთიანებს შემდეგ გარემოებებს:
✔ უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ომს ლოკალური შინაარსი აქვს. ერთმანეთს ასადის საპრეზიდენტო რეჟიმის მომხრეები და მოწინააღმდეგები უპირისპირდებიან.
✔ ომს აქვს თავისი რეგიონალური კონტექსტიც. იგი გამოხატავს დაპირისპირებას ირანსა და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს შორის. ომის რეგიონალურ კონტექსტზე საუბრის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთსა და ოთხ სახელმწიფოს შორის გაბნეულ ქურთ ხალხს შორის არსებული კონფლიქტიც.
✔ ომის ინტერნაციონალურ შინაარსს განსაზღვრავს მეტოქეობა რუსეთსა და აშშ-ს, რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. ასევე, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სურვილი ტერორისტული მილიცია „დაეშის“ განადგურების თაობაზე.
✔ ომი ტრანსნაციონალურია (სახელმწიფოებს შორის გამჭოლი) და მოიცავს სირიის, ერაყის, ლიბანისა და ნაწილობრივ თურქეთის ტერიტორიებს. „დაეშელები“ ევროპულ დედაქალაქებამდეც აღწევენ (http://wp.me/p4u0oC-9b)
სირიის ომის შესახებ არსებულ ძირითად კითხვებზე პასუხები Der Spiegel-ის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ისა და „ამერიკის ხმის“ მასალების მიხედვით მოამზადა „თბილისის ფაბიანური საზოგადოების“ წევრმა, თსუ-ის პოლიტ.მეცნიერების მიმართულების მაგისტრანტმა ლევან ლორთქიფანიძემ.