სკანდალი სამედიცინო და სააფთიაქო სფეროში: ექიმები კომპანიებთან ე.წ. შავი ანაზღაურების სანაცვლოდ აქტიურად თანამშრომლობენ
ექიმების არცთუ მცირე ნაწილი კერძო კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტის დანიშვნის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულ თანხასაც იღებს. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა პედიატრიის სფეროშია -ამ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთი „კვირის პალიტრა“ რედაქციაში შესული ერთ-ერთი სატელეფონო ზარის საფუძველზე წერს.
გამოცემამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაარკვიეს, თანამშ¬რომლობდნენ თუ არა ექიმები კერძო კომპანიებთან ე.წ. შავი ანაზღაურების სანა¬ცვლოდ.
გაზეთის ცნობით, გამოძიების დროს ჟურნალისტებმა პოლიკლინიკები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს, ექიმებს არარსებული ფარმაცევტული კომპანიის (“ფემილი”) სახელით გაეცნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს.
პირველად ავჭალის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ვესტუმრეთ, პედიატრ ც.მ.-ს შევხვდით და თავი “ფემილის” წარმომადგენლად გავაცანით. ვუთხარით, რომ ახალ სააფთიაქო ქსელს ვხსნით, ჩვენთვის პრიორიტეტული ბავშვთა კვებაა და მომხმარებლების მოსაზიდად ექიმების დახმარება გვჭირდება. პედიატრს გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, შეთავაზება არ უუცხოებია და ექიმებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის სქემაც გაშიფრა:
– აფთიაქებთან კონტაქტი არასოდეს გვქონია. ხელოვნური კვების შემომტან კომპანიებთან ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ… თქვენი პირობები მითხარით და სხვა ექიმებსაც დაველაპარაკები. ისე, ეს ჩვენმა მთავარმა ექიმმა რომ გაიგოს, დაგვამხობს თავზე ყველაფერს. გამიგეთ? ამ თემაზე საუბარი გვეკრძალება. ამიტომ გითხარით, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით…”
სანამ “ჩამოვყალიბდებოდით”, ჯერ დავინტერესდით, ბავშვთა კვების შემომტანი კომპანიები რა მექანიზმით ამოწმებენ, მათ პროდუქციას უნიშნავს თუ არა კონკრეტული პედიატრი ბავშვს“,-წერს გაზეთი.
პედიატრის თქმით, ხუთ კომპანიასთან თან¬ამშრომლობს და ბავშვს საკვებს იმის მიხედვით უნიშნავს, რომელი კომპანიის საკვებს “მიიღებს” ბავშვი. შესაბამისად, ის კომპანია უხდის ფულს, რომლის პროდუქციასაც ყველაზე მეტს გაყიდის თვის განმავლობაში.
„სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული ფასები აქვს, თანაც პირველად კვებაზე სხვა ფასია. ბონუსი თვეში 5-დან 10 ლარამდე მერყეობს… ერთი ბავშვის ფასი ასეთია“,- განაცხადა პედიატრმა.
გამოცემის ცნობით, ნაძალადევის რაიონის კიდევ ერთი პოლიკლინიკის პედიატრი, შ.ჯ., საუბრისას ბევრად ფრთხილი აღმოჩნდა. მან ჯერ განაცხადა, რომ, “ბონუსებს ნაკლებად იღებს”, თუმცა იქვე დასძინა, რომ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს.
“თქვენი საკვები ბავშვს რომ დავუნიშნო, თვალსაჩინო მასალა მჭირდება. მოგცემთ სიას, რომ ესა და ეს ბავშვი იღებს კონკრეტულ საკვებს. შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ კიდეც, მშობელსაც გამოვგზავნი აფთიაქში. რატომაც არა, თუ იაფი იქნება, მაგრამ ფინანსებზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც აფთიაქის ანოტაციას მომაწვდით… სანამ ბავშვი ოთხი თვის გახდება, მშობელი გიჯერებს და აჭმევს, რასაც უნიშნავ, მაგრამ შემდეგ, შეიძლება საერთოდ ამოუგდოს ხელოვნური რძე. ზოგი ბოლომდე გიჯერებს და მაინც აჭმევს ხელოვნურს”,-განაცხადა პედიატრმა.
ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე პოლიკლინიკაში იყვნენ ჟურნალისტები და ყველგან ზემოხსენებული სცენარით განვითარდა მოვლენები.
გაზეთის ცნობით, გამონაკლისი დიღმის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფო აღმოჩნდა, რომლის პედიატრმა, ჯ.მ.-მ, კატეგორიული უარი განაცხადა უკანონო გარიგებაზე.
საია-ს იურისტი თამარ დეკანოსიძე აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტების გამო სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.
,,დიდი ხანია საზოგადოებაში არსებობს ეჭვები, რომ ექიმები მსგავს გარიგებაში არიან ჩართული, ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულებები პერიოდულად შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება კანონის ფარგლებში ხდება. ექიმი ვალდებულია პაციენტებთან ურთიერთობისას ანგარებით არ იმოქმედოს – ამაზე კანონმდებლობაში პირდაპირ არის მითითებული. თუ ეს მოთხოვნები დაირღვევა, სამედიცინო დაწესებულების ან ჯანდაცვის პერსონალის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვფიქრობ, ამ მასალებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია“,-აცხადებს იურისტი.