სლოვენიამ უარი სთქვა ერთსქესიანთა ქორწინებაზე

BBC-ს ცნობით, სლოვენიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საკითხიც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება იყო. თუ მოსახლეობის უმრავლესობა ამ კითხვაზე დადებით პასუხს გასცემდა, სლოვენია პირველი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო იქნებოდა, რომელშიც გეი-კავშირები ოფიციალურად დაკანონდება. საზოგადოებას ახსოვს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2015 წლის მარტში სლოვენიის პარლამენტმა კანონში მიიღო შესწორება, რომლის თანახმადაც ქორწინებად ჩაითვლება „ორი ადამიანის კავშირი” და არა „ქალსა და კაცს შორის კავშირი”, როგორც ეს ადრინდელი რედაქციით იყო. ამ ჩასწორებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო კამპანია მოჰყვა, რომელმაც მისი ფაქტობრივი რეალიზაცია ჩაშალა. ამ საპროტესტო ტალღის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საკითხი რეფერენდუმზე გაეტანა. აღსანიშნავია, რომ სლოვენიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეა, რომელიც ამ სახის ქორწინებებს არ აღიარებს. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 63,4%-მა უარი თქვა ერთსქესიანთა ქორწინებისა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის უფლების დაკანონებაზე. ამრიგად, პარლამენტის მიერ მარტში მიღებული კანონი ძალაში შესვლამდე გაუქმდა. ანალოგიური რეფერენდუმი 2012 წელს გაიმართა და აღნიშნულმა საკითხმა უარყოფითი შედეგი მიიღო, თუმცა, მაშინ რეფერენდუმზე მოსახლეობის დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

Comments
Loading...