პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება.
როგორც კილაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სასამართლო ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს.
„სასამართლო ნამდვილად არის ის საკითხი, ერთ-ერთი ხაზი, სადაც გადის ჩვენი დემოკრატიის ზღვარი ნამდვილად და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ნამდვილად მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ საკითხების გამოძიებას. რა თქმა უნდა, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას, მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდის საფუძველს ნამდვილად მაძლევს, რომ მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ხდება არნახული ზეწოლა სასამართლოზე. ეს იქნება მოსყიდვით, შანტაჟით თუ სხვა საკითხებით.
ეს ძალა ისევ ცდილობს, ქვეყანა უკან დააბრუნოს და სასამართლო ჰყავდეს ისევე ჯიბეში ჩასმული, როგორც ეს იყო მათი მმართველობის დროს, მაგრამ ჩვენ არავის არ მივცემთ ამის გაკეთების შესაძლებლობას, იმოტომ რომ, დღეს საქართველოს სახელმწიფო არის დემოკრატიული, ძლიერი და არავის არ აქვს საშუალება, რომ ქვეყანა ისევ დააბრუნოს იმ სიტუაციაში, როდესაც სასამართლო იყო ერთი პოლიტიკური ძალის ზეგავლენის ქვეშ“, – აღნიშნა კილაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთვარი გამოწვევა ქვეყნის მატერიალურ და ფინანსურ საკითხებზე კონცენტრირებაა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი.
„სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ბევრი რეფორმისაეკონომიკაში, რომელიც განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების დროს, ძალიან ბევრი ადამიანი არის ისევ მატერიალურ-ფინანსურ გაჭირვებაში. ეს არის ძირითადად ის საკითხები და ის მთავარი გამოწვევა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ კონცეტრაცია, რასაც აკეთებს კიდეც ჩვენი ხელისუფლება,მაგრამ ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ისრები გადაიტანონ სასამართლოზე, ისევ ამაზე მოხდეს კონცენტრაცია მთელი ძალის და ჩვენ ისევ გადავეშვათ „ნაციონალური მოძრაობასთან“ რაღაც შეხლა-შემოხლაში, ჭიდილში და ა.შ. ვერავინ ეღირსება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ისევ იმ წარსულში, რომელშიც იყო მთელი საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ პლენარულ სხდომაზე.