სოსო ოხანაშვილი: დაკითხვაზე დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რაც სამართალდამცველებს მის მიმართ ჰქონდათ.

ოხანაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურაში მის ხელახლა დაბარებას არ გამორიცხავს.

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაკითხვის დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს, რადგანაც გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი.

„მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვარ და ეს ამ თემას ეხებოდა. დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან. დაახლოებით, ვიცოდი რა თემას ეხებოდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ გამოძიებასთან ბოლომდე ითანამშრომლებს.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა. ამავე საქმეზე, მთავარმა პროკურატურამ, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკითხა, რაც მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ლოგიკური იყო.

Comments
Loading...