სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წერები, პარლამენტარები, ფედერაციები, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი აღნიშნა, რომ 2016 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ქართველმა სპორტსმენებმა 200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. 2016 წელს ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე სხვადასხვა სინჯის 850 მედალია.
გამარჯვებულები 9 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდნენ.
საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ზედიზედ მეორედ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზვიად პატარიძე გახდა.
2015 წლის მსგავსად, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცისა და ქალის წოდება პარალიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანს, ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურსა და პარალიმპიური თამაშების მონაწილეს, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს მიენიჭათ.
არაოლიმპიურ სახეობაში საუკეთესო სპორტსმენი კი კარატისტი ანდრეი ზინჩენკო გახდა.
საუკეთესო მსაჯი კი ზედიზედ მეორედ მოჭიდავეთა არბიტრი, ედიშერ მაჩაიძე გახდა.
საუკეთესო ფედერაციად სპორტის სამინისტრომ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია დასახელდა.
საუკეთესო გუნდის წოდება ევრობასკეტზე ზედიზედ მეოთხედ გასულ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მიენიჭა.
საუკეთესო სპორტსმენი ქალი კი ძალოსანი, ევროპის ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი გახდა.
ღონისძიების კულმინაციამდე სპორტის სამინისტრომ 7 ნომინანტ სპეციალური პრიზები გადასცა, რომლებიც ასე გადანაწილდა:
1. საუკეთესო სპორტული მენეჯერი – ნიკოლოზ ჯღარკავა, ფეხბურთის ფედერაცია
2. წლის აღმოჩენა – ნიჩბოსანი, რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი ზაზა ნადირაძე
3. საუკეთესო ლეგიონერი – საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გოლდენ სტეიტ ვორიორსის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია
4. სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – რაგბის ნაკრების მთავარი ექიმი გიორგი ჭუმბურიძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო ჯგუფი
5. საუკეთესო ბიზნეს-კომპანია – სოკარი
6. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის – ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ბრაზილიაში სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი.
7. საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები – რაგბის ახალგაზრდული ნაკრები
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი 2 ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაცია გამოაცხადეს.
წლის საუკეთესო მწვრთნელი ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე გახდა.
წლის საუკეთესო სპორტსმენად კი ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძე დაასახელეს.













