სტოლტენბერგი: რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღოს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება უკან წაიღოს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.

“ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის დასტურია“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შემაჯამებელ ბრიფინგამდე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, კომისიის სხდომაზე საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

კომისიის სხდომაზე ყურადღება თავდაცვის რეფორმირების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე გამახვილდა.

შეხვედრაზე წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს წვლილის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.

პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ასევე, ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი აღნიშნეს. მინისტრებმა გამოხატეს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და მწუხარება, რომლებიც საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

Comments
Loading...