სუბარი: საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, ქვეყანაში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა და არც იგეგმება.

მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა თავშესაფრის გახსნის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას გამოეხმაურა.

სუბარის თქმით, საქართველოს 274 000 დევნილი ჰყავს, რომელთა ორ მესამედს ბინა დღემდე არ მიუღია, შესაბამისად, ქვეყანა ახალ ვალდებულებებს ვერ აიღებს.

„საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და ამაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება განხილული. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ახალი გაფართოება ამ მიმართულებების ვერ მოხდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ გვყავს 274 000 საკუთარი დევნილი ქვეყნის შიგნით, რომელთაგან დაახლოებით ორ მესამედს დღემდე არ მიუღია ბინა და ახალ ვალდებულებებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით ვერ აიღებს.

ჩვენ ძალიან პატიოსნად, ძალიან წესიერად ვასრულებთ სართაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ნაკისრი გვაქვს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრებს. ვასრულებთ საეთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში, მე პირდად მქონდა მასთან შეხვედრა და მსგავსი საკითხი არ განხილულა არც ჩემთან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში, არც პრემიერ-მინისტრთან. ეს არის მისი ინიციატივა, რომელიც წამოაყენა, ინიციატივასაც ვერ დავარქმევ ეს არის მისი სურვილები. ოფიციალური ვალდებულება ან შეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის გახსნის შესახებ არ არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Comments
Loading...