სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ – ტელემედიის მიმოხილვა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გუშინწინ, 29 ივნისს გარდაიცვალა. სულხან მოლაშვილი 2004 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით დაკავეს. 2005 წელს კი ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილმა ევროსასამართლოს მიმართა. სახელმწიფომ ევროკონვენციის 4 მუხლის, მათ შორის მესამე მუხლის დარღვევა აღიარა (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და აიღო ვალდებულება, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებდა, ხოლო მოლაშვილს ფულად კომპენსაციას გადაუხდიდა. მოლაშვილი შემოთავაზებულ დეკლარაციას დათანხმდა.

მედიაჩეკერი დააკვირდა როგორ გაშუქდა თემა „იმედის“, „რუსთავი2-ის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „მაესტროს“ და GDS-ის 29 ივნისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. აღმოჩნდა, რომ თემა ზემოჩამოთვლილი ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგში მოხვდა. ერთადერთი არხი, რომელსაც სულხან მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ სიუჟეტი არ მოუმზადებია, რუსთავი 2 იყო.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თემას საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. „ოთხწლიანი პატიმრობა და მძიმე დიაგნოზით დატოვებული ციხე, 8 წლიანი მკურნალობის შემდეგ დღეს დილით სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ სასჯელის მოხდის დროს შეექმნა“, აღნიშნა შესავალ ტექსტში წამყვანმა. სიუჟეტში კი, ვრცლად იყო მიმოხილული 2004 წელს მოლაშვილის დაკავების დეტალები და მოგვიანებით, ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, აღნიშნული იყო რომ პატიმრის წამების ფაქტი ევროსასამართლომაც დაადასტურა, “რომელმაც სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა”.

მოლაშვილის დაკავებისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები ვრცლად იყო მიმოხილული GDS – ის 2030 -ში და მაესტროს დღის მთავარ გამოშვებაშიც. 2030-ის სიუჟეტში ჩაწერილია სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომლის თქმითაც, დაავადება, რომლის შედეგადაც მოლაშვილი გარდაიცვალა, მას სწორედ პატიმრობის დროს დაემართა. 2030-ის სიუჟეტშიც აღნიშნული იყო, რომ ევროსასამართლომ, მოლაშვილი “ოთხი მუხლით გაამართლა”.

ტელეკომპანია „იმედმა“ თემის შესახებ 50 წამიანი სინქრონი გაუშვა, რომელშიც მოკლედ ახსენეს, ვინ იყო სულხან მოლაშვილი, როდის და რატომ დააპატიმრეს და როგორი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. მასალის მიხედვით, “სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა”.
წყარო : მედიაჩეკერი

Comments
Loading...