“სუს-ი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სუს-ი ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს, რომელიც მის სცემას გულისხმობს. ამის შესახებ ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სუს-ის მაღალჩინოსნისგან მიიღო. ამ ინფორმაციის თანახმად გოგაშვილის უწყება ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაციას გეგმავს. მთავრობა, ივანიშვილი, რომელიც მისი ქმედებებით გამწარებულია, გეგმავს ელისაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს. ის სცემონ. ამას, ისევე როგორც ძალიან ბევრ სიბინძურეს, გოგაშვილი გეგმავს. მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი, სამწუხაროდ, არ ვიცით მისი გვარი.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საქმე უნდა გახსნას, ხოლო ნუკრის მიაცემინებენ ჩვენებას, რომ ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მითითებით მოქმედებდა.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ხელი აიღოთ ასეთი ტიპის ანგარიშსწორებაზე, რადგან ეს ვერ მოაგვარებს იმ საქმეს, რომ ბესელია და კობახიძე მექრთამეები და ნარკობარიგების მფარველები არიან”, – განაცხადა ნადირაშვილმა.