„ტასო ბარნოვა“ მის მიერ გაკეთებული ჩანაწერის შინაარსს ასაჯაროებს

ტელეიმედის“ ყოფილი თანამშრომლის თათია სამხარაძის (მისი ფსევდონიმია „ტასო ბარნოვა“) თქმით, ტელეკომპანიის დირექტორმა მასზე სექსუალური ხასიათის ზეწოლასთან დაკავშირებით, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გაიგო.

როგორც თათია სამხარაძე აღნიშნავს, ამის შესახებ ტელევიზიის დირექციას თავად აცნობა.

„აღნიშნული აუდიოჩანაწერის შესახებ მივმართე დირექციას თხოვნით, დამხმარებოდნენ და ვაცნობე პრობლემის შესახებ. ვუთხარი, რომ გაჩნდა აუდიოჩანაწერი და ეს მოხდა დაახლოებით ერთი კვირის წინ“, -განაცხადა მსახიობმა.

თათია სამხარაძის თქმით, აუდიოჩანაწერი არის ხანგრძლივი და ის მარტში თავად სამხარაძის მიერაა ჩაწერილი.

„როცა პირველად წამოვედი „იმედიდან“, ეს მოხდა მარტის თვეში. მაშინ ჩაიწერა ეს ჩანაწერი. მაშინ წამოვედი იგივე მიზეზით. დაბრუნების შემდეგ, შალვა რამიშვილი პირობას დებს, რომ მსგავსი ხასიათის სექსუალურ შევიწროებას და მუქარას ჩემი კარიერის დასრულებით, აღარ ექნება ადგილი სამსახურში. მაგრამ როცა ერთი თვის განმავლობაში იგი ყოველ მოცემულობაში მახსენებდა, რომ მივიღე უგუნური გადაწყვეტილება, როდესაც მასთან არ თანავიცხოვრე, იძულებული გავხდი, ისევ წამოვსულიყავი სამსახურიდან“, – განაცხადა მსახიობმა.

თათია სამხარაძის თქმით, აუდიოჩანაწერი შეიცავს რამიშვილის მხრიდან აღიარებას, რომ მასზე ძალადობდა.

„ჩანაწერი შეიცავს აღიარებას, რომ ჩემზე ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება, რომ ჩემი კარიერა დასრულდება არა მხოლოდ ტელეკომპანია „იმედში“, არამედ სხვა ტელევიზიებში და რომ იგი არის ოდიოზური პიროვნება და შეუძლია დაასრულოს ნებისმიერი ადამიანის კარიერა“, – აღნიშნა მსახიობმა თათია სამხარაძემ.https://youtu.be/jtlQEqe43uQ

Comments
Loading...