საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ნატო-სთან დაკავშირებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადება ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობა ჰყავს, რომელიც რუსეთის მთავრობას ექვემდებარება.
„რუსეთთან ურთიერთობის დათბობა თქვენ მართლა მწვანილის გაყიდვა გგონიათ?! დოლიძის განცხადება ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. კოლაბორაციონისტი მთავრობა გვყავს, რომელიც რუსეთის მთავრობას ექვემდებარება და ეროვნულ ინტერესებს სწირავს. ამ კონტექსტში კი, „გაზპრომის“ საკითხი და ცერცვაძესთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა იგულისხმება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ნატო-ს მომავალ სამიტში საქართველო სავარაუდოდ, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზად კი, მინისტრი სამიტის ნაკლებ მასშტაბურობას ასახელებს.