ჭიაბერაშვილი: სერგეენკოს გადაწყვეტილების შედეგად, კერძო დაზღვევა 20-30%-ით გაძვირდება
„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერშვილის განაცხადებით, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მორიგი „რეფორმა“ დაფინანსების გარეშე ასიათასობით მოქალაქის დატოვების რეალურ საფრთხეს შეიცავს.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის სამი წლის წინანდელმა ანალოგიურმა გადაწყვეტილებამ 115,000-ზე მეტი ადამიანი უკვე დააზარალა, რომელიც 2014 წლიდან, ვერც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზისური პაკეტით.
„დავით სერგეენკოს გადაწყვეტილების შედეგად, კერძო დაზღვევა 20-30%-ით გაძვირდება, რომელიც ისედაც გაორმაგებულია 2013 წლის შემდეგ. მის ყიდვას, მით უმეტეს, შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე შეძლებს. ამიტომ, კერძო დაზღვეულთა რიცხვი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ არ გაზრდილა, შემცირდება. ამ გადაწყვეტილებით, ფინანსური პრობლემების წინაშე დგება სადაზღვევო ინდუსტრიაც და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხების დაზოგვა მოხდება, რასაც ვითომდა ესწრაფვის ჯანდაცვის მინისტრი”, – აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო” დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიებს გამოსავალს სთავაზობს.
„ამ მდგომარეობაში გამოსავალი შემდეგია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარული მოქალაქეების (ნაწილის მაინც) ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახელმწიფო დაფინანსებითა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაფიო და გამჭვირვალე კონტროლით, სადაზღვევო კომპანიების ხელში უნდა გადავიდეს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, უყაირათო ხარჯვის გამო, ქრონიკულად არ ჰყოფნის თანხა, რის გამოც, ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებს ანაზღაურებას მუდმივად უგვიანებს. ეს კი, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
ასეთ პირობებში ჯანდაცვის სფეროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სეგმენტზე – სადაზღვევო ინდუსტრიაზე დარტყმა პრობლემებით დახუნძლულ ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
სადაზღვევო ინდუსტრიამ გუშინ, საქართველოს მთავრობის მიერ 9 თებერვალს მიღებული N73-ე დადგენილების გაუქმება მოითხოვა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით კი, მთავრობის დადგენილება არ შეიცვლება.
“მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ“, – აღნიშნა სერგეენკომ.