გასულ წელს მაუწყებელმა 1250 თანამშრომელზე ხელფასისა და მივლინების სახით 24 მილიონამდე ლარი დახარჯა, – ამის შესახებ “აიპრესთან” საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა.
მაუწყებლის გენდირექტორის მრჩეველი „აიპრესთან“ განმარტავს რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში თანხა არაეფექტურად იხარჯებოდა, თანაც ძირითადად ხელფასებში.
„სახუმაროდ ნადვილად არ არის საქმე, თუმცა ნახევარხუმრობით ვიტყვი, იდეებზე რაღაც კონკურსს გამოვაცხადებდი, როგორ შეიძლება 410 მილიონი ლარი დავხარჯოთ ამაზე უარესად და თუ ვინმე ამაზე უარესს მეთოდს მოიფიქრებდა, გარდა იმისა რომ ავიღოთ და დავწვათ. ის შეიძლება ძალიან კრეატიული ადამიანი იყოს.
ფაქტია რომ მაუწყებელში თანხა არაეფექტურად იხარჯებოდა, ძირითადად ხელფასებში.
2016 წელს 24 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ხელფასებზე და მივლინებებზე. ეს იყო მთლიანი ბიუჯეტის 60%. აქ არის ანძის მომსახურება, სატელიტის მომსახურება, კომუნალურები და ის ხარჯები რომელიც უკავშირდება ტელევიზიის ფუნქციონირებას. ტექნიკისთვის ძალიან მცირე ხარჯებია გაწეული, მაგრამ არაეფექტურად გახარჯული. დროულად არ ხდებოდა შეკეთება, განახლება და ა.შ.
ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, ამის საფუძველზე ამ ყველაფერს ჯამში არაეფექტიან ხარჯვას დავარქმევდი, რადგან არ ხდებოდა ამ თანხების შეთანხმებული ხარჯვა.
რა უფრო ოპტიმალურია, 1 250 თანამშრომელი და ტექნიკის არ ქონა, თუ ტექნიკის შეძენა და თანამშრომელის რაღაც ნაწილის შემცირება? ფაქტია, რომ დღემდე ასე საჯაროდ ამ საკითხზე არასდროს ყოფილა მსჯელობა.
რა ვითარებაა საზოგადოებრივ მაუწყებელში და როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს, ეს საკითხი დისკუსიის საგანი არასდროს ყოფილა და კარგია რომ ამას პროტესტი მოჰყვა.
საზოგადოებამ უნდა შეაფასოს უღირდა თუ არა 410 მილიონი ლარის დახარჯვა ამ ფორმით.
410 მილიონ ლარად საქართველოში კინოინდუსტრიას ააყვავებდი. ეს თანხა რომ გაყოთ 8 000 კაცის სამუშაო ადგილია. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ გვაქვს ბზარებიანი შენობა, აყრილი იატაკი, ზოგი ტექნიკა 30 წლისაა, შენობა გაზიფიცირებული არ არის, ელექტრო ღუმელით თბებიან, კონდიციონერი სულ რამდენიმე ოთახშია.
ეს თქვენი, ჩვენი და ყველას ფულია, ამ 410 მილიონით პენსია გვექნებოდა 50 ლარით მეტი, ქვეყანაში გვაქვს დევნილების პრობლემები, რომლებზეც 10 წელიწადში ამ თანხის მეათედი დაიხარჯა. 10-ჯერ მეტი დაიხარჯა ტელევიზიაზე ვიდრე დევნილების პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.
ipress.ge