ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლები, ილია მეორეს მეუფე პეტრეს თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ და განცხადებას ავრცელებენ

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ თანამშრომლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მეუფე პეტრეს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ და ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენ:

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მიუხედავად ჩვენი გულისტკივილისა, ვასრულებთ მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევას და მხოლოდ ამ მოკრძალებული სახით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას.

ამავე დროს გამოვთქვამთ უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას მიტროპოლიტ პეტრესადმი, რომელიც რვა წლის განმავლობაში ღირსეულად მართავდა ტელევიზიას.

ტელევიზია „ერთსულოვნება“ დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობებს. იმედი გვაქვს, რომ ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასწია ტელევიზია „ერთსულოვნების“განვითარების საქმეში, მომავალში დაფასდება.

უმორჩილესად ვთხოვთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე“, – აღნიშნულია „ერთსულოვნების“ თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მეუფე პეტრე ცაავას ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

Comments
Loading...