თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ გამოძიების დასრულებამდე არაერთმა პოლიტიკურმა პირმა სცადა, საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია შეეთავაზებინა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თთალაკვაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გამოძიების დასრულებამდე ოპოზიციიდან არაერთმა პოლიტიკურმა პირმა სცადა, რომ საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია შეეთავაზებინა.

ჟურნალისტებთან საუბარში თალაკვაძემ საკუთარი განცხადება დააზუსტა.

“ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება, ძალიან გთხოვთ ისევ ნახოთ, თუ რა პოზიცია მქონდა მაშინ, დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ თუ რა ტიპის დანაშაულთან გვქონდა საქმე და ვის წინააღმდეგ იყო ეს დანაშაული მიმართული, ამას დაადგენს გამოძიება. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. სამწუხაროა, რომ გამოძიების დასრულებამდე არაერთმა პოლიტიკურმა პირმა ოპოზიციიდან სცადა, რომ თვითონ შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია. ასევე სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა ეს ამბავი გამოიყენეს ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად და ეკლესიის ავტორიტეტის შესაბღალად.

13 თებერვალსაც ვთქვი და დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, უნდა ვაცადოთ გამოძიებას თავისი საქმე გააკეთოს.

პრემიერის განცხადებაშიც ნათლად ჩანს იგივე პოზიცია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში შეუძლებელია, რომელიმე მედიამ წინასწარ დაადგინოს, გამოძიების დასრულებამდე თუ რა მოხდა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერებით – ციანიდით მოწამვლა იგეგმებოდა, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განმარტა, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი “ერთ-ერთი პირის” მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის.

Comments
Loading...