თამარ ხაჭაპურიძე: პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელებით მაშანტაჟებს

ასოციაცია “მომავლის იმედი”-ს თავმჯდომარის თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით საქართველოს მთაავრი პროკურატურა მას პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელებით აშანტაჟებს.

მისი თქმით, მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძეს მასთან ომი აქვს გამოცხადებული.

„SOS! SOS! SOS!
მოგმართავთ მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვაში, რაც ყველა ადამიანის უპირატესი უფლებაა!

პროკურატურა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელებით მაშანტაჟებს! ერთ-ერთ ფეისბუქმომხმარებელს გადასცეს ჩემს პირად ცხოვრებაზე მრავალი წლის წინანდელი ინფორმაცია, რომელიც იყო კონფიდენციალური და გააჩნდათ მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს. ფეისბუქმომხმარებელმა გაასაჯაროვა აღნიშნული ინფორმაციის დეტალები.

გუშინ შევიტანე საჩივარი ვაკე-საბურთალოს პოლიციის #5 განყოფილებაში. ჩემს ადვოკატს ეგონა მყისიერი რეაგირება მოჰყვებოდა ამ ფაქტს, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა: პოლიციის განყოფილების თანამშრომლები ადამიანურად შეწუხდნენ ყოველივე მომხდარით, მაგრამ გულახდილად განგვიმარტეს, რომ ჯერჯერობით პროკურატურას არ სურს არც ამ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა და შეჩერება და არც გამავრცელებლისთვის ბრალის წაყენება და ჩვენ პროკურატურის გარეშე არ ვართ ამ ყოველივეზე უფლებამოსილიო.

მთავარი პროკურორს ირაკლი შოთაძეს პირადი ომი აქვს ჩემთან გამოცხადებული. გამომწვევი მიზეზებით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ იუთუბზე იხილოთ ჩემ მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებული დოკუმენტური ვიდეომასალა სათაურით “ირაკლი შოთაძემ შეცდომა აღიარა”.

კიდევ ერთხელ, მოგმართავთ ყველას, გთხოვთ გაახმიანოთ, ხმა აიმაღლოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ. დღეს რომ მე მჩაგრავს სახელმწიფო, ხვალ ეს უკანონობა თქვენს კარზე მოაკაკუნებს!
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
თქვენი მხარდაჭერის იმედით,“ -წერს თამარ ხაჭაპურიძე.

Comments
Loading...