თამარ ხულორდავა: მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ ტელევიზიასაც არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას. ეს იქნება სპეკულაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ,რომ შეიქმნება ობიექტური წყარო, რომელიც მედიაში არსებულ მდგომარეობას დააკვირდება და საზოგადოებას მედია სივრცეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, მედია სივრცე დღეს გახსნილი და თავისუფალია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ, მათ შორის, ძალიან კრიტიკულ ტელევიზიასაც არ შეექმნას რაიმე დაბრკოლება საკუთარი მაუწყებლობის განხორციელების კუთხით. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მომავალშიც. ეს ინიციატივა რითაც პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, ხელს შეუწყობს ამ მხრივ რომ არათუ რეალობაში არ იქნას პრობლემები არამედ რაიმე კითხვის ნიშნებიც არ გაჩნდეს საზოგადოებაში“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.

Comments
Loading...