თამარ სანიკიძე: ჩვენ შევძელით 97% -მდე გაგვეუმჯობესებინა სკოლებში დასწრების მაჩვენებელი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ UNESCO–ში თამარ სანიკიძის გამოსვლის ტექსტი გაავრცელა, სადაც მინისტრი განათლებაში მიღწეულ შედეგებზე საუბრობს.
“საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირებისას, ჩვენ ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ როგორც საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული 12 წლიანი უფასო ზოგადი განათლება სამივე საფეხურზე-დაწყებითი საბაზო და საშუალო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ცხრა წლიანი განათლებაა სავალდებულო, განათლების ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით ინვესტიციების საჭიროება მაინც დგას.
რამდენიმე მასშტაბური სახელმწიფო პროგრამისა და სკოლებისთვის კონკრეტული მომსახურების შეთავაზებით, ჩვენ შევძელით 97%-მდე გაგვეუმჯობესებინა სკოლებში დასწრების მაჩვენებელი. მნიშვნელოვნად შემცირდა სკოლის მიტოვების რაოდენობა. ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შედეგად, თითქმის 60-%-ით შემცირდა მშობლების დანახარჯი. საქართველოში სკოლამდელი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა იძლევა თანაბარი და ხარისხიანი განათლების გარანტიას.
2013 წლიდან საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროფესიული განათლების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინსტიტუტების სრულად დაფინანსება. შრომის ბაზრის უახლეს კვლევებზე და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებულია გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსდეს პრიორიტეტული საბაკალავრო პროგრამები.
გაიზარდა ბიუჯეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების სოციალური პროგრამების დაფინანსების კუთხით. მხედველობაში მივიღეთ სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, კონფლიქტურ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეთნიკური, ენობრივი, ასაკობრივი და შეზღუდული უნარების მქონე ჯგუფები.
მნიშვნელოვნად გაიზარდა პედაგოგთა დაფინანსება. მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა პედაგოგთა განვითარების და მხარდაჭერის ახალი სისტემა.
განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება სახელმწიფო დაფინანსება. 2016 წლის განათლების ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 55%-ით გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის გაზომვა 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია თანაბარი და ხელმისაწვდომი ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად, რომელიც ეფექტური სწავლების შედეგების რელევანტური იქნება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელმისაწვდომობის გაზრდას თან უნდა ახლდეს ისეთი აქტივობები, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს”, – აცხადებს თამარ სანიკიძე.