თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავი კონგოში მათ მიერ არ არის წარგზავნილი
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, კონგოში ტყვედ აიყვანეს, მათ მიერ წარგზავნილი არ არის.
თადარიგის პოლკოვნიკის, უკრაინაში მებრძოლი დავით მაყიშვილის განცხადებით, კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთ შვეულმფრენს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.
როგორც მაყიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, კონგოელი მეამბოხეები ქართველი მფრინავის სანაცვლოდ, მილიონ დოლარს ითხოვენ.
„27 იანვარს, აფრიკის კონტინენტზე კონგონს დემოკრატიული რესპუბლიკის კონტინენტზე, ამბოხებულების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდება მოხდა, რომელსაც ქართველი მფრინავი, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ოსურაული მართავდა. ჰყავთ აყვანილი ტყვედ და ითხოვენ გამოსასყიდს ამბოხებულები. მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და დროულად დაეხმარონ საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი მილიონ დოლარს ითხოვენ გამოსასყიდის სახით”, – განაცხადა პოლკოვნიკმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონგოში დატყვევებულ ქართველ სამხედრო მფრინავთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში მკურნალობას გადის.