თბილისის მერია: „ფეისბუქის” საშუალებით ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიას არ ეკუთვნის

დედაქალაქის მერია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, თბილისის მერიის სახელით დაუზუსტებელი ინფორმაცის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას MPRESS უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს დილიდან, თბილისის მერიის სახელით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” საშუალებით ვრცელდება გარკვეული შინაარსის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიას არ ეკუთვნის.

„ფეისბუქის” გვერდი ( https://goo.gl/usVtNq ), რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ანტირეკლამას ეწევა, არ წარმოადგენს თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდს. (https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/?ref=bookmarks ).

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ინფორმაციის წაკითხვისას და არ დაეყრდნონ „ფეისბუქის“ ყალბი გვერდების მიერ გავრცელებულ ფაქტებს. მსგავსი სახის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამდე კი, მეტი დაკვირვების შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაძლებელია ყალბი გვერდის უწყების ოფიციალური, ავტორიზირებული გვერდისგან გარჩევა“,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თბილისის მერიის გაყალბებულ გვერდზე დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში ნაყიდ ხორცში, მომხმარებელმა მატლი აღმოაჩინა.

Comments
Loading...