თბილისის ქუჩებში 15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
1-ლი იანვრიდან თბილისის ქუჩებში ევროპული სტანდარტების შესაბამისი კიდევ 15 ახალი ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი გამოჩნდება.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ქუჩებს 1-ლი იანვრიდან ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა კიდევ 15 ახალი ავტობუსი დაემატება, — ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახალი სატრანსპორტო საშუალებები №51 მარშუტზე — გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოს და ვაკის ტერიტორიაზე, ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ და სამარშრუტო ხაზზე 1 იანვარს გავლენ. ახალ ავტობუსებით მგზავრობისას მგზავრობის სტანდარტული ფასი — 50 თეთრი და დაწესებული შეღავათები შენარჩუნდება.თბილისის ავტობუსებში უფასო Wi-Fi-ს დაამონტაჟებენ „ტაბლო და ავტობუსები სრულად იქნება აღჭურვილი იმისთვის, რათა კომფორტულად მოემსახუროს ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის შემდგომი ნაკადი, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და დააჩქარა მოწოდების პროცესი“, — განაცხადა დავით ნარმანიამ. პირველი რეისის შესრულებამდე ახალ ავტობუსებს განაბაჟებენ და ტექნიკურად მოამზადებენ. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ კონკურსის წესით შერჩეული მძღოლები გადამზადდებიან. უკვე გარკვეულია, რომ მალე თბილისი წინსწრებით კიდევ 10 ავტობუსს მიიღებს და იანვრის ბოლოდან ისინი №37 ხაზზე — სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ. პოლონეთიდან თბილისში პირველი 10 ავტობუსი სექტემბერში ჩამოვიდა. ისინი №61 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ — ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით. ახალი ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი. Man-ის მარკის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ავტობუსები აღჭურვილია USB-ს როზეტით, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დამუხტონ ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები. თბილისს აპრილში სულ 143 Man-ის ახალი ავტობუსი ეყოლება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად დიდ დიღომში 377 ავტობუსზე გათვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობაზა შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლის გაზაფხულზე შევა და ქალაქში მოძრავ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.