თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამაის კითხავენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება. მისი გამოკითხვის პროცესი უკვე დაიწყო.

გვარამია ჩვენებას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცემს.

როგორც გვარამიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, საუბარი არა ორ, არამედ სამ პირს შორის შედგა.

„სხვა პირი მიდი-მოდიოდა, შეიძლება არაერთი, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და არც დამიმახსოვრებია. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ვერაფრით დადასტურდება, რადგან ეს არ არის საუბარი ორ ადამიანს შორის. საუბარი სამ ადამიანს შორის გაიმართა, მათ შორის, ერთ-ერთი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

გამოკითხვის აღნიშნული ფორმა თავად ნიკა გვარამიამ მოითხოვა, რადგან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი უწყვეტი და ავთენტურია. ახვლედიანსა და გვარამიას შორის საუბრის ფარული ჩანაწერი 2016 წლის ოქტომბერს 3 ოქტომბერს გავრცელდა.

ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, აღნიშნული საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.

Comments
Loading...