თბილისის ზოოპარკში ცხენების სადგომს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისის ზოოპარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ცხენების სადგომის ძირითადი ნაწილი დაიწვა. ამის შესახებ „ინფო 9“-ს ზოოპარკის პრესსამსახურში განუცხადეს.

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მზია შარაშიძის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცხენების გამოყვანაც დროულად მოხერხდა.

„ცეცხლი ხის თავლას გაუჩნდა. ძალიან სწრაფად მოვიდა სახანძრო და ჩააქრეს ცეცხლი. არავინ დაშავებულა. თავლიდან ცხენების გამოყვანაც მოასწრეს“, – განაცხადა მზია შარაშიძემ.

როგორც „ინფო 9“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

Comments
Loading...