თბილისში პოლიციელი დაჭრეს
მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციელი ცივი იარაღით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ადგილზე 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რა დროსაც, აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს – უბნის ინსპექტორ გამომძიებელს – ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ ადგილზე 1992 წელს დაბადებული შ.თ. დააკავა“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.