საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არც იუსტიციის სამინისტრო და არც მთავრობა პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოთი არ ქმნის ტრაგედიას. გიორგი მარგველაშვილის მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებას წულუკიანი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.
როგორც წულუკიანმა „მოამბეს“ განუცხადა, მას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი მათ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემდა. თუმცა, მინისტრის თქმით, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადასვლა დიდხანს ვერ მოხერხდება.
„დიდი ხანია 15 დღე ჩვენთვის“, – დასძინა წულუკიანმა და განმარტა, რომ რეფორმა იმდენად დაგვიანდა, თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია.
წულუკიანი აცხადებს, რომ თუკი შეთანხმება ვერ მოხერხდა, მათ ვეტოს გადალახვაზე მოუწევთ ფიქრი.
„გაკვირვების უფლება გვაქვს ჩვენ, ვეტოს დადების უფლება აქვს მას, ახლა ჩვენი ვალია, რომ ვეძებოთ შეთანხმება და თუ ვერ ვიპოვეთ, გადავლახოთ ეს ვეტო, რათა მართლმსაჯულების რეფორმის ტალღა რაც შეიძლება მალე გადავიდეს იმპლემენტაციის ფორმატში“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაუგზავნა ვეტო დღეს დაადო.
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ეს კანონთა პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონებთან მიმართებით ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანომდებლობასა და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს.
გიორგი მარგველაშვილმა კანონთა პაკეტის დადებით მხარეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ პაკეტში ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილებაა, მათ შორის ისეთი, რომელთა დანერგვასა და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაცემულია მრავალი ასობით ათასი ლარი, მაგალითად, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დასანერგად.