თედო კობახიძემ საკრებულოს იურიდიული კომისიის სახელით დაყენებული წინადადებები წარადგინა

2015 წლის 19 ნოემბერს იურიდიულ საკითხთა კომისიამ კოლეგიურად განიხილა 13 ნოემბერს წარმოდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი და კომისიის წევრებმა ერთხმად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ დაზუსტებული ბიუჯეტის პროექტში უნდა ყოფილიყო გათვალისწიებული კონკრეტული შენიშვნები, კერძოდ:

1. იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნაში მითითებული იყო, ჩოლოყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების, 70-მდე ოჯახისა და ნავთლუღ-კახეთის რკინიგზის სახლის 15-მდე ოჯახისთვის წყალარინის სისტემის კეთილმოწყობის საკითხების ბიუჯეტში გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.

აღნიშნული მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის საფინანსო საქალაქო სამსახურის ზეპირი განცხადებით, გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში და იმედს ვიტოვებ, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში დაიწყება მოსახლეობისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარება.

2. ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები 150-მდე ოჯახი უმნიშვნელოვანესი პრობლემის წინაშე დგას. კერძოდ, მოსახლეობას არ გააჩნია საკანალიზაციო და წყალარინის სისტემა და წლების განმავლობაში სრულ ანტისანიტარიაში იმყოფებიან. ამავდროულად აღნიშნულ დასახლებას არ გააჩნია კეთილმოწყობილი მისასვლელი გზა, რის გამოც ნალექიანი ამინდის დროს გადაადგილება და ქალაქთან კომუნიკაციაც შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ოჯახებმა თავიანთი სახსრებით გააკეთეს შესაბამისი პროექტი, რომელსაც თან ერთვის ხარჯთაღრიცხვის ფურცელი, რომლის თანახმად საერთო ჯამში, როგორც საკანალიზაციო ასევე, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემის უზრუნველსაყოფად დაახლოებით 900.000 (ცხრაასიათასი) ლარია საჭირო.

3. შემდეგი მოთხოვნა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, წარმოადგენს კუს-ტბის შემოვლითი/ალტერნატიული გზის აღდგენა/შეკეთებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინებას.

აღსანიშნავია, რომ კუს-ტბის შემოვლითი გზის აღდგენა/შეკეთება არა მხოლოდ საცობების პრობლემას აღმოფხვრის და სტუმრებისა და დედაქალაქის მოსახლეობისათვის დასვენებისა და გართობისათვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, არამედ გამოიწვევს ინვესტიციების მოზიდვას, რის შედეგადაც მოხდება იმ ტერიტორიების ათვისება, რომელიც ამჟამად გზის არქონის გამო ფაქტობრივად გამოუყენებელია.

4. იურიდიულ საკითხთა კომისიას შენიშვნის სახით ასევე წარდგენილი ჰქონდა ააიპ „საქართველოს, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისთვის“, 10 რაიონული ორგანიზაციისთვის, თითოეულისათვის 20.000 ლარით, ხოლო თბილისის ცენტრალური კავშირისათვის 30.000 ლარით დაფინანსების საკითხის გათვალისწინება.

ზემოაღნიშნული კავშირი რომელიც 80-იან წლებში საქართველოს რესპუბლიკაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულ ოჯახის წევრთა ბაზაზე შექმნილი ორგანიზაციის სამართალმემკვირდეა, 22.000 ვეტერანს აერთიანებს და უწევს დახმარებას.

მიმაჩნია, რომ დედაქალაქის მერიისათვის პრიორიტეტული უნდა იყოს მისი მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება. თუმცა აღმასრულებელ ორგანოსთან არაერთგზის მოლაპარაკების მიუხედავად იურიდიულ საკითხთა კომისიის მოთხოვნები დაზუსტებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

ჩვენ კვლავ აუცილებლ მოთხოვნად ვაყენებთ იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნაში ასახული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ნათქვამია თედო კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

Comments
Loading...