თელავში, სოფელ კავთისუბანში, 75 წლის ქალის დაყაჩაღება სცადეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტის განცხადებით, თავდამსხმელი ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისათვის დღეს აღებული პენსიის წართმევა განიზრახა.
როგორც დაზარალებული აცხადებს, ბოროტმოქმედი ახალგაზრდა ქალი იყო და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პენსიონერს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
რადგანაც დაზარალებულმა მას წინააღმდეგობა გაუწია, თავდამსხმელი დაფრთხა და მიმალვა მოახერხა.
ლია კაკაბაძეს სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
დღესვე, ცხელ კვალზე, სამართალდამცავებმა, დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით, 40 წლამდე ასაკის ქალი დააკავეს.