თეთრიწყაროში ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი მოკლა

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 10 ივლისს, ღამით თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში მამაკაცმა საკუთარ ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი, რომელიც მის ცოლს გამოესარჩლა, მოკლა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს მოკლულის ნათესავმა, გულიკო პაკელიანმა განუცხადა. მისივე ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული იმავე სოფელში მცხოვრები ზ.ს. არის, რომელიც, თავდაპირველად მიმალვაში იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

გულიკო პაკელიანის თქმით, მეზობლების ინფორმაციით, ზ.ს. საკუთარ ცოლს სცემდა და სახლიდან გამოსვლას უკრძალავდა. მისივე თქმით, ახლა ცოლი საავადმყოფოშია და მკურნალობს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 11 პრიმა მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის).

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე მეტ დეტალებზე არ საუბრობენ, მათ არც დაკავებულის ვინაობის შესახებ მოუწოდებიათ ინფორმაცია.

მოკლულ მამაკაცს ცოლი და 5 შვილი ჰყავდა.

მოკლულის მამიდაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ თავად ზ.ს-მ წაიყვანა დასალევად თავის სახლში მისი ბიძაშვილი, კ.პ., რომელსაც სამსახური ახალი დაწყებული ჰქონდა და ზ.ს.-მ სწორედ ამ ამბის აღნიშვნა შესთავაზა.

იგი ვარაუდობს, რომ ზ.ს. ცოლს სცემდა, რა დროსას შუაში ჩადგა კ.პ. და მისი ცოლი დაიცვა. როგორც მოკლულის ნათესავი ამბობს, სწორედ ამ დროს მოკლა ზ.ს.-მ კ.პ. მისივე ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, ვინაიდან, როგორც ბრალდებულის ცოლს, ასევე კ.პ-ს ყურები აქვთ დაჭრილი.

Comments
Loading...