თინა ხიდაშელი : მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, სადაც ბევრი კარგი რამ გავაკეთე

„მე არასდროს მითქვამს, რომ ჩემი თანამდებობაზე ყოფნა-არ ყოფნის ნიშნული იყო ვარშავის სამიტი“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა “იმედის” ეთერში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის დატოვებს მინისტრის პოსტს.

ხიდაშელის თქმით, სამინისტროში ბევრი საქმეა, ხოლო როგორ ასრულებს ამ საქმეს, ეს უკვე პრემიერ-მინისტრის შესაფასებელია.

“არასდროს მითქვამს, რომ ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნის ნიშნული ვარშავის სამიტი იყო. თავდაცვის სამინისტროში არის ძალიან ბევრი საქმე. სტოლტენბერგმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ ბრიუსელი (ვინაიდან მომავალი NATO-ს სამიტი იქ იმართება ორი წლის შემდეგ) იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს და მეც ზუსტად იგივე პოზიცია მაქვს.

დღეიდან, ჩვენ უკვე ახალი საათი უნდა ჩავრთოთ შემდეგი სამიტის მოსამზადებლად. მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, სადაც ყველაზე უფრო უკეთესად გამომდის, სადაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთე და ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება. ამ მთავრობას ჰყავს ხელმძღვანელი, და პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, თვლის თუ არა, რომ მე როგორც მინისტრი ვარშავის სამიტზე, სამიტამდე, თუ სამიტის შემდეგ, საჭირო ვარ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ “ოცნების ხელისუფლებასთან” ითანამშრომლოს, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს არ არის “ოცნების ხელისუფლება”.

“ეს არის ორპარტიული მთავრობა ისე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ევროპაში ვერ ნახავთ, რომ არჩევნების წინ, მინისტრები გადადგებიან ხოლმე, რადგან სხვადასხვა პარტიებში არიან. ამიტომ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები იქცევიან. თუმცა ეს ყველას პირადი, თუ პოლიტიკური არჩევანია. ეს არჩევანი, პირველ რიგში, პრემიერის გასაკეთებელია. შემიძლია, დღესვე წავიდე, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის, რა მოხდება 8 ოქტომბრის შემდეგ. მთავარია, ქართველი ამომრჩეველი რა ადგილს მიუჩენს პრორუსულ ძალებს ქვეყანაში და რა დოზით დატოვებს დასავლური ორიენტაციის ძალებს ხელისუფლებაში. თუ ეს ქვეყანა დარჩება ევროპულ გზაზე, დავბრუნდები თავდაცვის სამინისტროში, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
წყარო : პოლიკომერსანტი

Comments
Loading...