თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ

„უშიშიროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის მეუღლე, ბიზნესმენი შალვა ბებოშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ხელდასმით უკანონო და კორუფციულ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან“ – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

,,თინა ხიდაშელს ჯერ კიდევ ორი თვის წინათ დავპირდი, რომ გამოვუქვეყნებდი დოკუმენტს, სადაც ის კორუფციულ გარიგებებშია მხილებული. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობა ემსხვერპლა კორუფციულ სქემა, კორუფციაშია ჩაფლული თინა ხიდაშელიც. თუ გამოვითხოვთ ირინა იმერლიშვილის დეკლარაციას, დავინახავთ, რომ მისი მეუღლის, შალვა ბებოშვილის სახელზე დარეგისტრირებულია ძალიან დიდი ოდენობის მიწები და უძრავი ქონება საგარეჯოს რაიონში. დოკუმენტაციის თანახმად ცხადი ხდება, რომ შალვა ბებოშვილი და თინა ხიდაშელის ერთგული ქვეშევრდომი, გიგლა აგულაშვილი ბიზნესპარტნიორები არიან და საერთო ქონებას ფლობენ. აგულაშვილის ხიდაშელთან და უსუფაშვილთან მეგობრობა და ნათელ-მირონობა აკავშირებს. ამ მიწებზე კი ძირითადად გაშენებულია სათბურები, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული კულტურები, კარტოფილი“,-აცხადებს სადღობელაშვილი.

სადღობელაშვილის თქმით, შალვა ბებოშვილის კომპანია ,,ფუდ ლაინ ჯორჯია“, რომელიც დღეს ქართულ არმიას საგარეჯოში მოყვანილი ბოსტნეულითა და კარტოფილით ამარაგებს, მსგავსი საქმიანობით მიხეილ სააკაშვილის დროსაც იყო დაკავებული, მაგრამ მაშინ დიდ ტენდერებს ვერ იგებდა.

,,ახლა, ხიდაშელის მინისტრობის დროს, როცა ბებოშვილის ბინესპარტნიორი ხიდაშელის მარჯვენა ხელი გიგლა აგულაშვილია, ,,ფუდ ლაინ ჯორჯია“ გახდა აბსოლუტური მონოპოლისტი და ბებოშვილ- აგულაშვილის ფირმა თავდაცვის სამინისტროს აწვდის საკვებ პროდუქტებს“,- აცხადებს სადღობელაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცნობითვე, აღნიშნული ფირმა თავდაცვის უწყებას ხორცის პროდუქტებითაც ამარაგებს.

,,თავდაცვის სამინისტროს ხორცით ამარაგებს აგულაშვილისა და ბებოშვილის სასაკლაო, რომელიც საგარეჯოში აქვთ მოწყობილი. შეგიძლიათ შეამოწმოთ, 2015 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი და 30 ნოემბერს ხორცის მიწოდებაზე გამართულ ტენდერში, სწორედ აგულაშვილისა და ბებოშვილის ფირმამ გაიმარჯვა.

ფაქტობრივად, თინა ხიდაშელი ირინა იმერლიშვილის მეუღლეს შალვა ბებოვილს ხელს უწყობს იმაში, მილიონერობიდან მილიარდერად გადაიქცეს“,-აღნიშნა სადღობელაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ ფირმის საქმიანობით მოტანილი თანხის ნაწილს თინა ხიდაშელიც იღებდეს.

,,ციდან ჩამოფრენილი არავინ ვართ და ყველა ვხედავთ, რომ როცა ერთი ფირმა ხდება მონოპოლისტი და ერთ ფირმას აგებინებენ ტენდერებში, იქ ,,ატკატები“ აუცილებლად იქნება. ცხადია, მე არ მაქვს ინფორმაცია ,,ატკატების“ შესახებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაგალითად, სუს-ს მსგავსი ინფორმაცია აუცილებლად ექნება“,- განაცხადა ორგანიზაციის ლიდერმა.

ამასთან, სადღობელაშვილის თქმით, აგულაშვილისა და ბებოშვილის ბიზნესპარტნიორია მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი „ხელისბიჭი“ რეზო მახარაძე.\

წყარო
marshalpress.ge

Comments
Loading...