ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველი მოდელი გოგონები ჩინეთში
ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოდან გოგონები ჩინეთში სამუშაოდ, კერძოდ – მოდელებად მიდიან, თუმცა ამ სფეროს წარმომადგენლებიც კი ვერ იხსენებენ რომელიმე ქართველს, ჩინეთში სამოდელო კარიერა აეწყო და რაიმე წარმატებისთვის მიეღწია. კოალიცია, „საზოგადოებრივმა ინიციატივამ“ ამ საკითხზე კვლევა ჩაატარა, რადგან ორგანიზაციას ერთ-ერთი გოგონა დაუკავშირდა და სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.
კოალიციის წარმომადგენელს ნიკოლოზ ჩომახიშვილს „პრაიმთაიმი“ ესაუბრა.
„დამოუკიდებელი გამოძიება ჩავატარე. საშინელი შედეგები დამხვდა. გოგონები მიჰყავთ ვითომ კომპანიებს, რეალურად კი კერძო პირებს, რომლებიც ამ ადამიანებით პროსტიტუციას ეწევიან. ხდება ქვეყანაში უკანონოდ გადაყვანა და შემდეგ კი ამუშავებენ ე.წ. გამრთობად, ისინი სხედან შენობაში, შემოდიან კლიენტები, რომლებიც არჩევენ ამ გოგონებს, შეჰყავთ ოთახში, სადაც გოგონებმა მათთან ერთად უნდა დალიონ და კლიენტი გაართონ. თანხა ირიცხება სპეციალურ ანგარიშზე, ეს ანგარში ქართველს ეკუთვნის. გოგონებს უწევთ ამ დროს ბევრი შეურაცხყოფის ატანა, ყოფილა ძალადობის ფაქტები, ცემის, გაუპატიურების, მაგრამ არიან სხვა გოგონებიც, რომლებიც ფულს იღებენ და კლიენტს სექსუალურ ურთიერთობაზე თანხმდებიან“, – აცხადებს ჩომახაშვილი.
კოალიციამ „პრაიმთაიმს“ ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას მონათხრობის წერილობითი ვერსია მიაწოდა: „ერთ დღეს დაგვირეკეს და რაღაც კლუბში გაგვიშვეს მე და ერთი გოგონა, რომელიც ჩემთან ერთად გაემგზავრა ჩინეთში. არასრულწლოვანი, 16 წლის იყო. ჩატარდა ვითომ ჩვენება. გარშემო ისხდნენ ჩინელი მამაკაცები, რომლებიც ჩვენში ფულს იხდიდნენ და უნდა გაგვერთო.
თავიდან, აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. ეს კაცები ჟიურის წევრები მეგონა. ერთ-ერთმა თავის მაგიდასთან მიმიწვია, მეგონა, როგორც ჟიურის წევრი ისე მიწვევდა, მაგრამ თურმე სხვა მიზანი ჰქონია. მან მკერდზე ხელი წამავლო და მითხრა- შენში ფული მაქვს გადახდილი და ჩემი ქალი ხარო, მე წინააღმდეგობა გავუწიე. იმ კაცთან უსიამოვნო საუბრის მერე მენეჯერს ვუთხარით, რომ მოდელებად ჩამოვედით და არა ბოზებად. ამ ამბის გამო, ცუდად გავხდი, სიცხეები მქონდა, ექიმს ვითხოვდი, მაგრამ არავინ ყურადღება არ მომაქცია. ისეთი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მკერდი და საჯდომი დალურჯებული მქონდა. რაღაც სქემით მოქმედებენ, ჩაჰყავთ გოგონები ჩინეთში, ხელს აწერინებენ რაღაც კონტრაქტზე, პასპორტს ართმევენ და ა.შ.“,- ამბობს დაზარალებული გოგონა.
კოალიცია „საზოგადოებრივმა ინიციატივამ“ აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.
marshalpress.ge