წერილები, რომლებსაც აშშ-ის ახალი პრეზიდენტები მათი წინამორბედებისგან იღებენ

როდესაც ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში ოვალურ ოფისს იკავებს, მას მაგიდაზე წინამორბედი პრეზიდენტის წერილი ხვდება მილოცვით, რჩევებით და სურვილებით. წარმოგიდგენთ ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტის წერილებს, რომლებიც მათ მომავალ პრეზიდენტებს დაუტოვეს.

პრეზდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის წერილი ბარაკ ობამას

2009 წლის 20 იანვარი

ძვირფასო ბარაკ, გილოცავ პრეზიდენტობას. შენ ახლა ცხოვრების საოცარ ეტაპზე გადადიხარ. ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონია პატივი, ეგრძნო ის პასუხისმგებლობა, რასაც ახლა შენ გრძნობ. ბევრი დამღლელი სიტუაცია გელის წინ. კრიტიკოსები განრისხებულ რეპლიკებს გესვრიან. შენი ”მეგობრები” იმედს გაგიცრუებენ, მაგრამ შენს გვერდით ღმერთი იქნება, ოჯახი, რომელსაც უყვარხარ და ქვეყანა, რომელსაც შენი იმედი აქვს, მათ შორის მეც. რაც არ უნდა მოხდეს, შენ იმ ხალხის შემართება და თანაგრძნობა შთაგაგონებს, რომელთაც წინ უნდა წარუძღვე. ღმერთმა დაგლოცოს, პატივისცემით, ჯორჯი.

პრეზიდენტ ბილ კლინტონის წერილი ჯორჯ ბუშ-უმცროსს

2001 წლის 20 იანვარი

ძვირფასო ჯორჯ, დღეს შენ დიად ტერიტორიაზე შეაბიჯე, წილად გხვდა უდიდესი პატივი, რაც შეიძლება ამერიკის მოქალაქეს ერგოს. შენც ჩემსავით წარმოუდგენლად გაგიმართლა, რომ შეგიძლია საკუთარ ქვეყანას უხელმძღვანელო ამ პოზიტიური ცვლილებების პერიოდში, როდესაც არამხოლოდ სახელმწიფოს როლი, არამედ ჩვენი ერის ბუნებაც ხელახლა უნდა წარმოჩინდეს. შენ წინ უნდა გაუძღვე ამაყ, წესიერ ადამიანებს და დღეიდან ყველა ჩვენგანის პრეზიდენტი გახდე. პატივს მოგაგებ და გისურვებ წარმატებას და ბედნიერებას. წინააღმდეგობები, რომელსაც წააწყდები, საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ხშირად არც ისეთი გაუსაძლისი. ბედნიერება, რომელსაც იმის კეთება მოგიტანს, რაც გწამს რომ სწორია, ენით აღუწერელია. ვილოცებ შენთვის და შენი ოჯახისთვის. უფალი იყოს შენი შემწე, პატივისცემით, ბილი.

პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უფროსის წერილი ბილ კლინტონს

1993 წლის 20 ინავარი

ძვირფასო ბილ, როდესაც ამ ოფისში ახლა შემოვედი, ზუსტად ისეთივე პატივისცემის და საოცრების შეგრძნება დამეუფლა, როგორც ოთხი წლის წინ. ვიცი, შენც ასეთივე ემოცია გექნება. გისურვებ ამ ოფისში დიდი ბედნიერება გეგრძნოს. მე არასოდეს მიგრძვნია ის მარტოობა, რომელიც სხვა პრეზიდენტებს აღუწერიათ. მრავალი რთული პერიოდი გექნება, რომელსაც კიდევ უფრო გაართულებს კრიტიკა, რომელზეც შესაძლოა იფიქრო, რომ დაუმსახურებელია. რჩევების გაცემაში დიდად ვერ გამოვდგები, მაგრამ გეტყვი, რომ არასოდეს მისცე კრიტიკოსებს ნება, რომ სიმამაცე წაგართვან ან კურსიდან გადაგახვევინონ. როდესაც ამ წერილს წაიკითხავ, უკვე ჩვენი პრეზიდენტი იქნები. გისურვებ კარგად ყოფნას შენ და შენს ოჯახს. შენი წარმატება ახლა ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. მთელი გულით გგულშემატკივრობ. წარმატებები – ჯორჯი.

მომზადებულია nytimes.com-ს მიხედვით.

Comments
Loading...