ცერნის ბირთვული კვლევების ცენტრი – სტაჟირების უნიკალური შანსი ფიზიკის პედაგოგებისთვის

ფიზიკის 15 მასწავლებელი, რომელიც ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა. მასწავლებლებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე.

როგორ შეირჩნენ პედაგოგები და რით იყო წლევანდელი სტაჟირება ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში გამორჩეული, ამის შესახებ „აიპრესს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი ნუგზარ მოსულიშვილი ესაუბრება.

-რატომ არის მნიშვნელოვანი ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში ქართველი მასწავლებლების სტაჟირება? რაში დაეხმარება ეს ფიზიკის პედაგოგებს?

სანამ უშუალოდ თქვენს კითხვაზე გავცემდე პასუხს, მინდა ძალიან მოკლედ გიამბოთ ცერნის მისიაზე და დანიშნულებაზე. ცერნში დღესდღეობით ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტი ე.წ. დიდი ადრონული კოლაიდერი. თანამედროვე ფიზიკის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის მხრიდან დაგროვილია უამრავი კითხვები, რომლებიც შესწავლასა და გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის, რა ხდება სამყაროს სიღრმეში? რას წარმოადგენს შავი ხვრელები? რატომ ვერ ვხედავთ ფარულ მატერიას, რომელიც არსებული სამყაროს თითქმის 95%-ია? საიდან აქვს სხეულებს მასა და საერთოდ, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ განვითარდა ჩვენამდე და როგორი დასასრული ექნება მას.

სწორედ ამ და ფიზიკის სხვა საინტერესო საკითხების გადასაჭრელად ცერნში, მიწის ქვეშ 100 მეტრის სიღრმეზე და 27 კილომეტრი სიგრძის წრეზე შეიქმნა ამაჩქარებლისა და დეტექტორების კომპლექსი, რომლის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის როგორც ინტელექტუალური, ისე ფინანსური რესურსები და გამოყენებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა საყოველთაო გამოყენებაც შემდგომში ხდება საინჟინრო, სამედიცინო, საინფორმაციო და სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიების დახვეწის მიმართულებით.

გარდა სამეცნიერო დანიშნულებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ცერნის საგანმანათებლო პროგრამებიც, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში წელს, 10-დან 17 ოქტომბრამდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ცერნში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიგზავნა კონკურსით შერჩეული, საჯარო სკოლების 15 პედაგოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

ასეთი სახის ვიზიტები მნიშვნელოვანია, რათა პედაგოგები დავუახლოვოთ თანამედროვე კვლევებს. ვიზიტი მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას, ასევე მოტივაციის ამაღლებას, რათა მოსწავლეებს გაუჩნდეთ ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნებსა და სამეცნიერო კვლევების მიმართ.

-რაში მდგომარეობს სტაჟირების არსი? რა აქტივობებს ახორციელებენ ცერნში პედაგოგები?

ცენტრში პედაგოგებს ლექციებს უტარებენ როგორც CERN-ში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ასევე სპეციალურად მათთვის სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებიდან მოწვეული ქართველი პროფესორ-მასწავლებლები, პედაგოგები ათვალიერებენ სამეცნიერო ლაბორატორიებს და ესწრებიან ექსპერიმენტებს. ასევე თვითონვე ატარებენ მარტივ, საინტერესო სასკოლო ექსპერიმენტებს. პედაგოგებს ლექციები უტარდებათ როგორც ცერნში და სხვა დიდ სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე თანამედროვე კვლევებზე, სამეცნიერო მიღწევებზე და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ასევე ფიზიკის როლზე თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში (სამედიცინო, კოსმოსის ათვისება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტექნიკის განვითარება, სამყაროს წარმოშობა და ჩამოყალიბება დღევანდელი სახით და სხვ.). იქ ჩასულ პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ არაფორმალური შეხვედრები ჰქონდეთ ცნობილ მეცნიერებთან. მაგალითად, წელს შეხვდნენ ნობელის პრემიის ლაურეატს ჯეკ შტეინბერგერს.

-ვის აქვს აღნიშნულ სტაჟირებაში მონაწილეობის მიღების საშუალება ?

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საჯარო სკოლების ფიზიკის სერტიფიცირებულ ყველა აქტიურ პედაგოგს, რომელსაც აღნიშნული პროგრამით აქამდე არ უსარგებლია.

-როგორც ცნობილია, პედაგოგები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ მასწავლებლებმა, რომ შეძლონ ცერნში წასვლა?

ბოლო სამი წლის მანძილზე, ერთ-ერთი უცვლელი კრიტერიუმი სერტიფიცირება ან მინიმუმ ფიზიკის საგნობრივი გამოცდის ჩაბარებაა. ამას გარდა, კონკურსის მეორე ეტაპზე მასწავლებლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს სამოდელო გაკვეთილი წინასწარ მიცემული თემატიკის მიხედვით, რის საფუძველზეც სპეციალური კომისიის მიერ შეირჩა 15 პედაგოგი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრი წლის პირველ ნახევარში აქვეყნებს საკონკურსო პირობებს და დაინტერესებულ მასწავლებლებს შეუძლიათ გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

-ცნობილია, რომ 5 წლის განმავლობაში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში კვალიფიკაცია 100- მდე მასწავლებელმა აიმაღლა. რომელი წლიდან აგზავნით ქართველ მასწავლებლებს ცერნში. ყოველ წელს ტარდება მსგავსი კონკურსი?

აღნიშნული პროგრამები ხორციელდება 2011 წლიდან დღემდე და იმედია მომავალშიც გაგრძელდება.

-წლევანდელი სტაჟირება რით იყო გამორჩეული?

ყოველი წელი თავისებურად გამორჩეულია. მე პირადად ვთვლი, რომ წელს სიახლე იყო ქალაქ ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის, ირმა მგელაძის ლექცია „ფიზიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები სკოლაში’’ აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცერნში მოღვაწე ქართველ ფიზიკოსებს: ირაკლი მინაშვილს, ლექსო მესტვირიშვილს, გივი სეხნიაიძეს და სხვებს, როგორც საინტერესო ლექციებისთვის ასევე საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისათვის.

-რა ფინანსური რესურსი დაიხარჯა წელს ფიზიკის პედაგოგების ცერნში სტაჟირებისთვის?

ამისათვის 55 722 ლარი გამოიყო, რაც აბსოლუტურად ექვივალენტურია იმ სარგებელის, რაც შეიძლება ამ მასწავლებლებმა მისცენ საკუთარ მოსწავლეებს.

-სამომავლოდ იგეგმება თუ არა სტაჟირების გაგრძელება და ასევე გეგმავთ თუ არა მონაწილე პედაგოგთა რაოდენობის გაზრდას?

რა თქმა უნდა დაგეგმილია. რაოდენობა დამოკიდებულია ფინანსურ შესაძლებლობებზე, მაგრამ ცერნის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 15 მაინც გაიგზავნება. თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს შეგვიწყობს, შესაძლებელია სხვადასხვა დროს ორი ჯგუფის გაგზავნაც. ამის პრეცენდენტი უკვე იყო 2013 წელს.

P.S საქართველომ ცერნთან თანამშრომლობა დაიწყო 2011 წლიდან, 2013 წლიდან კი გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია დაარსდა 1954 წელს, ჟენევის მახლობლად შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე. ადგილმდებარეობას განაპირობებდა, ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბირთვული ტექნოლოგიები აღმოჩნდა ორი ზესახელმწიფოს აშშ და საბჭოთა კავშირის ხელში, რომლებიც ამას ძირითადად სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. ევროპა რომ არ ჩამორჩენილიყო, გადაწყდა ევროპაში დაარსებულიყო ისეთი ბირთვული კვლევების ინსტიტუტი და ისეთი კვლევები განეხორციელებინა, რომელსაც ვერ შესძლებდა არათუ ვერცერთი კვლევითი ინსტიტუტი, არამედ ცალკე აღებული ერთი სახელმწიფოც კი, როგორც ფინანსურად ასევე ინტელექტუალური პოტენციალით. თავდაპირველად აღნიშნული ცენტრის შექმნის იდეით გაერთიანდა 12 ევროპული სახელმწიფო, ამჟამად კი ცენტრი წარმოადგენს 22 ქვეყნის საკუთრებას, ხოლო მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ აშშ, რუსეთი, იაპონია, ისრაელი, თურქეთი, ინდოეთი, იუნესკო, ევროკომისია. ექსპერიმენტებში მონაწილეობს 80-მდე სახელმწიფო და ცენტრის პერსონალი შედგება 7000 თანამშრომლისგან, რომელთაგან 3000 ფიზიკოსია.

Comments
Loading...